Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ილია ჭავჭავაძის პრემია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადაეცა

8 ნოემბერი, 2017

ილია ჭავჭავაძის პრემია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადაეცა2017 წელს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ შვილობილმა ორგანიზაციამ „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ დაარსა ყოველწლიური საპატიო ჯილდო „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების-ერის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“.

პრემია მოიცავს ოფიციალურ სიგელს და ილია ჭავჭავაძის სკულპტურას, რომელიც შექმნილია მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ. ჯილდოს ლაურეატის გამოსავლენად „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდმა“ შექმნა პრემიის მინიჭების განმხილველი და გადაწყვეტილების მიმღები სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც გამოავლენს ჯილდოს წლის ლაურეატს.

სარეკომენდაციო საბჭოს წევრები არიან: მამა გიორგი ზვიადაძე – ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პროტოპრესვიტერი, ლია სტურუა – პოეტი, გურამ დოჩანაშვილი – მწერალი, ნინო ზაუტაშვილი – სოციალური მედია-პროდიუსერი და ტელეწამყვანი, დიმიტრი შველიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კონსტანტინე გამსახურდია – დიპლომატი, პოლიტიკოსი, ივანე ამირხანაშვილი – კრიტიკოსი, ლიტერატორი და გიორგი სავანელი – რეჟისორი, ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის კანცლერი.

სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია საზოგადოების/ერის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ პირველს, საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს გადაეცა.

პრემია წელს სწორედ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სიმბოლურად 7 ნოემბერს პირველად გაიცა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

როგორც ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, „ჯილდოს დაარსების მიზანია, საზოგადოებრივი ინიციატივების პრიორიტეტულობის დამკვიდრების და მათდამი ინტერესის სტიმულირება, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მოტივაციის ამაღლება, ილია ჭავჭავაძის ფიგურის აქცენტირება დღევანდელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სოციო-კულტურულ პროცესებში.”

ილია ჭავჭავაძის პრემია მომავალ წელს უკვე 12 სექტემბერს ილიას მკვლელობის დღეს გაიცემა.