Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გთხოვთ, მიიღოთ როგორც სამადლობელო…”

3 ნოემბერი, 2017

"გთხოვთ, მიიღოთ როგორც სამადლობელო..."პოეტი ტარიელ ხარხელაური თავის ერთგულ მკითხველს ლექსს უძღვნის და მადლობას გამოხატავს იმ სიყვარულისა და სითბოსთვის, რომელსაც უანგაროდ იღებს.

ტარიელ ხარხელაური:

“ვფიქრობ, რომ ეს ლექსი შედარებით სრულად გამოხატავს დამოკიდებულებას თქვენდამი.

გთხოვთ, ეს ლექსი მიიღოთ როგორც სამადლობელო იმ სიყვარულისთვის და სითბოსთვის, რომელსაც თქვენგან ასე უანგაროდ ვიღებ, მიუხედავად იმისა, მეკუთვნის თუ არ მეკუთვნის.

მომიტევეთ – თუ ვინმეს სიყვარული დავაკელ,
გულს ფიქრისთვის ზედმეტად
რთულ სივრცეებს ვანდობდი,
ახლა თითქმის მზადა ვარ
ზეცა თავზე დამატყდეს –
ზეცა გაბეზრებული ჩემი ცვალებადობით.
მომიტევეთ – თუ ვინმეს ტკივილს ვუნაწილებდი,
წუთისოფლით ვცხოვრობდი და მიმძიმდა ტარება,
ჩემში აღარც სისხლია, აღარც სითბო მცირედი –
ჩემიდან მზე გადის და, ტოვებს გარდაცვალებას.
მომიტევეთ – თუ ვინმეს გულზე ცრემლი მოვფინე,
ისეთ დროში ვიცხოვრე, მღლიდა უამინდობა,
მომიტევეთ – ჩემს მოსვლას ეჭვით შეხვდა მსოფლიო,
თქვენი ყველა ტკივილის ჩემად ყოფნა მინდოდა…
მომიტევეთ – დღეს სული ისე გაძარცვულია,
ისე თავზარდამცემი – მზერა მიადვილდება,
მეჩვენება მარტივად ის, რაც რთულზე რთულია,
გამიმძაფრეს ხილვები სისხლიანმა მინდვრებმა.
მომიტევეთ – ბევრი რამ დამრჩა მისატევები,
თითქოს ჯავრი იყარა წუთისოფლის თემიდამ,
დაღვრილია სისხლი და, დაღვრილია ცრემლები –
დაღრუბვლილი გავდივარ წუთისოფლის სცენიდან.
მომიტევეთ – თუ ვინმეს სიყვარული დავაკელ,
გულს ფიქრისთვის ზედმეტად
შორ სივრცეებს ვანდობდი,
ახლა უკვე მზადავარ
ზეცა თავზე დამატყდეს –
ზეცა გაბეზრებული ჩემი ცვალებადობით.
თქვენით სავსე და უთქვენოდ მტვერზეც მცირე.”