2 ნოემბერი, 2017

„დარისპანის გასაჭირი“ თურქეთში დააჯილდოვეს

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი თურქეთის რესპუბლიკიდან დაბრუნდა და თბილისში ფესტივალის სპეციალური პრიზი ჩამოიტანა.

აზერბაიჯანული თეატრის დასმა ქალაქ ადანას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მათთან ერთად ფესტივალში სტამბოლის, აზერბაიჯანის, ანტალიის, ალანიას, ბურსას დრამატული, მუსიკალური და თოჯინების თეატრებიც მონაწილეობდნენ.

თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ფესტივალზე ქართველი მწერლისა და დრამატურგის, დავით კლდიაშვილის პიესით „დარისპანის გასაჭირი“ წარსდგა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები შეილა ჯაფაროვა, ლეილა კასუმოვა, თურგაი ველი ზადე, აიდა თაგიევა, ნამიგ მუსაევი, აისელი მამედოვა.

სამენოვან სპექტაკლში აზერბაიჯანელ მსახიობებთან ერთად, ცნობილი თურქი მსახიობი, ნეჯათი ზენგინიც მონაწილეობდა, მან დარისპანის როლი თურქულ ენაზე ითამაშა. სპექტაკლი რეჟისორმა ვარლამ (ლალი) ნიკოლაძემ დადგა.

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ქალაქ ადანას მუნიციპალურ და თბილისის აზერბაიჯანულ სახელმწიფო დრამატულ თეატრებს შორის სამომავლო გეგმებიც დაისახა. ორივე მხარემ ერთობლივი შემოქმედებითი პროექტების მომზადების სურვილი გამოთქვა.