27 ნოემბერი, 2017

“ჩვენო ქალებო!”

– ისევ მძიმე დრო უდგას საქართველოს და ისევ თქვენი იმედი აქვს, ჩვენო ქალებო… – ასე მიმართავს მწერალი გურამ ქართველიშვილი ქართველ ქალებს და საქართველოს ისტორიიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს იხსენებს:

“ჩვენო ქალებო!

მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, სოფელ კარალეთში, ერთ უმშვენიერეს გლეხის ქალს უცხოვრია. თქმულებას, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ამ ქალბატონის სახელიც კი შემოუნახავს – თიკა მაზანდარაშვილი. გასული საუკუნის დამდეგს ანტონ ფურცელაძეც წერდა ამ თქმულებაზე, ხოლო მწერალმა და აღმოსავლეთმცოდნემ, ბატონმა თამაზ ნატროშვილმა, მშვენიერი სტატია უძღვნა ამ თემას თავის წიგნში ,,მაშრიყით მაღრიბამდე”….

მაშინ შაჰ აბასი ქართლში იდგა თავისი არმიით და იმერეთში გადახვეწილ ლუარსაბ მეფეს დაშაქრულ წერილებს უგზავნიდა გადმოსატყუებელად…სწორედ ამ დროს მიურთმევიათ მისთვის კარალეთელი თიკა… გლეხის ქალის დამატყვევებელ სილამაზეს მოუხიბლავს აბასი და როდესაც თიკა, მისთვის გაწყობილ უძვირფასეს სამეფო ლოგინში ჩაუწვენიათ, ქალს ასე ამოიკვნესია თურმე – “სად ხარ ჩემო კარალულო ჩალაო”…

ამომგდებელი შაჰის სარეცელის ნაცვლად, კარალეთის ჩალის ქვეშაგებს დანატრებული, უმწეო გლეხის ქალის ამ ამონაკვნესმა, ისევე იარა ოთხი საუკუნე ქართველის მეხსიერებაში, როგორც მისი თანამედროვე და სამშობლოსათვის ნაწამები ქეთევან დედოფლის გაუტეხლობამ…

ხალხური ლექსი ხშირად გამოხატავს იმ საზოგადოებას, რომელშიც ის არის დაბადებული და ალბათ ეს ლექსიც საქართველოს წარსულში ჩაკარგული რომელიღაც თიკას ნათქვამია:

,,თეთრი ვარ, თეთრსა მინდორსა,
თეთრსა გაგიშლი კარავსა,
მე შენგან დაწუნებული,
ხონთქარს არ მივცემ სალამსა”

ისევ მძიმე დრო უდგას საქართველოს და ისევ თქვენი იმედი აქვს, ჩვენო ქალებო…”