14 ნოემბერი, 2017

მურმან ლებანიძე მთავარი სატკივარით

“ოჰ, პოეზიავ – მარად
ცის კიბეებით მსვლელო!
ვისთვის წკრიალა ქნარად!
ვისთვის –
კრწანისის ველო!”

ასე ფიქრობდა პოეტი მურმან ლებანიძე პოეზიაზე და მიაჩნდა, რომ შოთა რუსთაველის მსგავსად “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის”:

“ლექსს ვინ არ წერს!
შენც წერ, მეც ვწერ!
სული ლექსით გვიდგას!
მაგრამ ჩემგან ეს გახსოვდეს:
შაირ-სიტყვის სხვლაში
ის, რაც შესაძლებელია
ოთხ სტრიქონში ითქვას,
ყოველად შეუძლებელია
კარგად ითქვას რვაში!”

მურმან ლებანიძე პატივს სცემდა თითოეულ ადამიანს და მისთვის ყველა თანასწორი იყო:

“ცხოვრობს!
ცხოვრება სუყველას უნდა:
ამ შტერს!
მაგ რეგვენს!
იმ კრეტინს, თუნდა!..
გავითვალისწინოთ ეს კარგად უნდა!”

პოეტი, რომლის მთავარი სატკივარი საქართველო და მისი საყვარელი ქართველები იყვნენ, თავისი შემოქმედებით დღესაც აოცებს მკითხველს. საქართველოს თითოეული კუთხე მისი შემოქმედების მუზა იყო:

”უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, – დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: „ვინ ვის“ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!”

მურმან ლებანიძე წერდა ყველაფერზე, რაც მისი სათქმელი და სატკივარი იყო. უძღვნიდა ლექსებს მეგობრებს, კოლეგებს, სამშობლოს, თუმცა თავისი ლექსებით ცდილობდა ქართველებში პატრიოტული სულიკვეთება კიდევ უფრო გაეღრმავებინა და საქართველოს ბრწყინვალება თუ მისი უწყვეტი ბრძოლები მთელი სიცხადით დაენახვებინა:

”ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით – მეფე – აღმაშენებელი, ყოფილან ოპიზრები -გასაშტერებელი;
ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი…
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა ნიკოფსით – დარუბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებ გაშლილი და გამოჩინებული, ყოფილა ორ – ზღვას – შუა აღმოცენებული.
ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები! თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია, რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.
მაგრამ უცაბედად მატლი არეულა, ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი. მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ, სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ……
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა, იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა….
ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია, ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,
– რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი! – ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი…ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!”

შემოქმედისთვის სამშობლოს სიყვარული უდიდესი ჯილდო იყო:

”ლხინში ავხირდები – ჩრდილში გაგიდგები,
ჩემთვის ვაჩხაკუნებ ფანდურს, სანატრელო,
ჭირში – დაგიტკბები, ბევრს არ დაგპირდები,
ფეხზე დაგიდგები, ჩემო საქართველო!”

პოეტმა ელენე ჭავჭავაძეზე იქორწინა. თავისი განვლილი ცხოვრება მურმან ლებანიძემ მკითხველს პატარა, მაგრამ მრავლისმთქმელი ლექსით წარუდგინა:

”სახლი – ავაშენე! კორდი – გავათენე!
რატი ლებანიძეც მეყოლა…
ვინც ვერ ააშენა, ან არ ააშენა,
ათასი მოჩმახა და შეყორა…
სახლის დედაბოძი მიწიდან ამოსული,
თავისით ამოსული ეგონა!”

პოეტს ყველაზე მეტად საკუთარი საქმიანობა უყვარდა – ცხოვრობდა თავის სამყაროში, წერდა ლექსებს და ემსახურებოდა საყვარელ სამშობლოს. მას არ უყვარდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, მისი ინტერვიუებით არ იყვნენ განებივრებული ჟურნალისტები. მურმან ლებანიძეს არ ხიბლავდა იუბილეები, საიუბილეო თარიღების აღნიშვნას კი ცხოვრებისეულ დაღმართს უწოდებდა:

“წლები აჩქარებით დაღმართში მიხტიან,
ლექსის გაწყალება
არაერთს დამართნია,
ფრთხილად! – იუბილეს რომ გადაგიხდიან,
იცოდე – დაღმართია!”

მურმან ლებანიძის პოეზია არაერთი კომპოზიტორის მუზად იქცა. მისი ლექსები მრავალფეროვნად ამღერდა და ეს საოცარი მელოდიები ულამაზესი ლექსებით თაობიდან თაობას დღესაც გადაეცემა.