16 ნოემბერი, 2017

რა გეგმებით ჩამოდის დევიდ ლინჩი საქართველოში?

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი საქართველოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვევა.

დამოუკიდებელი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი და მრავალი კინოფესტივალის გამარჯვებული ჩვენს ქვეყანაში დევიდ ლინჩის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბობ როთისთან ერთად ჩამოვა.

დევიდ ლინჩის ფონდი 2005 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავად ხელოვანმა დააარსა. ფონდის ძირითადი ფილიალები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და უკრაინაში მუშაობს.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში დევიდ ლინჩის ფონდი ამ ზაფხულს ჩამოყალიბდა. მისი პრეზიდენტი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძეა. ფონდი საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს აერთიანებს. დევიდ ლინჩი ჩვენს ქვეყანაში მისი ფონდის კავკასიის განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით ჩამოვა.

ამერიკელ რეჟისორი და მისი გუნდის წევრები პირველ ვიზიტზე გაეცნობიან საქართველოს კულტურას, ტრადიციებს და ისტორიას. ისინი შეხვდებიან ქართული საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, 20 ნოემბერს 19 საათზე კინოთეატრ “ამირანში” ნაჩვენები იქნება დევიდ ლინჩის ფილმი “მალჰოლანდ დრაივი”. რეჟისორი კლუბში “ხიდი” შეხვდება მაყურებელს და ჩაატარებს საჯარო ლექციას ტრანსცენდენტული მედიტაციისა და საზოგადოებისთვის მისი სოციალური როლის შესახებ.

დევიდ ლინჩის შეხვედრა მაყურებლის გარდა, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, კულტურის მინისტრთან და თბილისის მერთან.

როგორც დევიდ ლინჩის ფონდის ხელმძღვანელმა გიგა აგლაძემ განაცხადა, ერთობლივი პროექტი უკვე დაგეგმილია, თუმცა მასზე წინასწარ საუბარი ამ ეტაპზე არ შეუძლია.