20 ნოემბერი, 2017

უსიამოვნო სიურპრიზი ეკატერინე ტოგონიძეს

მწერალი ეკატერინე ტოგონიძე გაქურდეს. შემთხვევა გერმანიაში მოხდა:

“კარგი და ცუდი შაბათი ბერლინში.

ალექსანდერ პლაცზე “ვაპიანოში” ხელჩანთა მომპარეს, პირდაპირ ჩემს გვერდზე მდგარი სკამიდან. მოულოდნელი და სტრესული სიტუაცია იყო, ეს სიცივე და მიმდებარე ტერიტორიაზე იმ იმედით ბოდიალი, რომ იქნებ სადმე საბუთები დაყარეს, ცალკე მთრგუნავდა. ჩემს პასპორტს ვერა და ვირთხებს ოხრად გადავაწყდი. გამიკვირდა პოლიციაში დასმული კითხვა, თანახმა ხართ თუ არა, რომ ქურდი (პოვნის შემთხვევაში) დაისაჯოს. თურმე კანონი მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის საფუძველზე სჯის ქურდბაცაცას, დააკისრებს ჯარიმას ან სოციალურ საათებს, ამ ხელმოწერის გარეშე კი პასუხსაც არ მოსთხოვს.

სევდიანი იყო “ვაპიანოს” კიბეზე მიმობნეული ნივთების აკრეფაც, რომლებიც, როგორც ჩანს, ჩემი ჩანთის ახალ მფლობელს ჩარბენისას უცვიოდა და მე კიდევ პოვნა მიხაროდა. ძირს პომადასთან ერთად ეგდო კატალოგი, რომელიც დღისით წიგნების მაღაზიაში შეხვედრაზე გამომცემლობა “სეპტიმეს” ხელმძღვანელმა მაჩუქა. გარეკანზე ჩემი წიგნის ყდაა – ასე საინტერესოდ გამოიყურებიან ლინა და დიანა ავსტრიული გამომცემლობის ხელში და რომანს “ასინქრონის” ნაცვლად, “მარტოსული დები” ჰქვია. წიგნი გაზაფხულზე გამოვა და ცხოვრებას გერმანულენოვან მკითხველში განაგრძობს. წარმატებები ტყუპებს.
მე კიდევ დავრჩი ამ ჟურნალის ამარა…

კიდევ კარგი, აქ მყავდა ნინო ყაველაშვილი და ღამით უბრალოდ ქუჩაში არ აღმოვჩნდი (ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმის გასაღებიც ჩანთას გაყვა და ადმინისტრაცია უქმეებზე არ მუშაობს, რომ სათადარიგო გამომერთმია), რადგან არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომელიც უცხოელს თავშესაფარს მისცემს ასეთ სიტუაციაში.

მოკლედ, ყველაფერი ბევრად უარესად შეიძლებოდა ყოფილიყო და საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგადაა.”