Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ვინმემ იცის რა პრობლემები აქვს ჩვენს საყვარელ გურამ დოჩანაშვილს?”

15 ოქტომბერი, 2017

"ვინმემ იცის რა პრობლემები აქვს ჩვენს საყვარელ გურამ დოჩანაშვილს?"“სირცხვილის გრძნობა არ გეუფლებათ როცა ამ სტრიქონებს კითხულობთ?” – აცხადებს მწერალი თამაზ ჭეიშვილი და ქართულ საზოგადოებას მიმართავს:

“იმათ საყურადღებოდ, ვისაც გარდაცვალების შემდეგ გაახსენდა ლიკა და შეწუხდა!
მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იცოდნენ ლიკას პრობლემების და გაჭირვების ამბავი! ვიცი ეხლა ,,ტელნიაჟკას შემოიხევს”, ხელისუფლება!

სად იყო კულტურის სამინისტრო, ერთხელ მაინც გაახსენდა ლიკა?

აი ასე მოკლეს, დიახ, მოკლეს გოდერძი ჩოხელი! ჰქონდა თავის მოკვლის მცდელობა, ორჯერ ჰქონდა… თუმცა გიჟი არ ყოფილა! რატომ ცდილობდა სუიციდს, იცის ვინმემ? გაჭირვებამ მიიყვანა სასოწარკვეთილებამდე! ელემენტარული პირობები აღარ ჰქონდა!

ქეთი დოლიძე ავიღოთ, მსოფლიო დონის თაეტრის რეჟისორი! … და რაა მერე? ჯვარი სწერია ქეთის, ჩემს დას! იმდენს ცდილობენ, იმდენს ქილიკობენ, ,,უკეთებენ შხამის ინექციებს”, ვიდრე ,,მარილზე არ გაუშვებენ” სასიქადულო ქალბატონს!

1995 წელს ჩემთან სამკურნალოდ მოვიდა ლადო ასათიანის ქალიშვილი, დიახ, დიდი ლადოსი, ,,მკვდარშობილ ლექსებს რომ წერდა თურმე” (ენა უნდა ამოაგლიჯო ამის მთქმელს!)! მოვიდა და ,,მკურნალობის საფასურად მამამისის წიგნი მომიტანა თავისი ავტოგრაფით! იმ წუთას, იმ წლებში, ამ ქალბატონს უკიდურესად უჭირდა! იცოდით ვინმემ?!

ილია ქართველებმა მოვკალით! მერე სულ ,,შახშეი მახშეი” მოვიწყეთ და სისხლიანი ცრემლის დენით მივაბარეთ მიწას!

ფიროსმანის ამბავი დიდი ხნის წინ იყო და ,,ჯანდაბას” ნუღარ გავიხსენებთ! მაგრამ აქ დღეს დიდი ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის ძმისშვილი სოსო ლებანიძე ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი კაცი, ემიგრაციიდან დაბრუნდა, იქნებ გამოვადგე სამშობლოსო! იცით ვინმემ, როგორ გაჭირვებაშია?!… პენსიაც არ დაუნიშნეს და უკიდურეს უმწეობაში აღმოჩნდა! აუწია შაქარმა… ფეხი მოჰკვეთეს! გაახსენდა ვინმეს სოსო ლებანიძე?!

გულწრფელად მიპასუხეთ, გთხოვთ, რამდენჯერ გიამაყიათ მურმანის ლექსებით და თუ გიამაყიათ, ეხლა, აი ამ წუთში, სირცხვილის გრძნობა არ გეუფლებათ როცა ამ სტრიქონებს კითხულობთ?

დიდ გაჭირვებაშია მურმანის სისხლი და ხორცი – სოსო ლებანიძე, მაგრამ არავინ შეუწუხებია და დღესაც სამშობლოს ხსნის გზებზე ფიქრობს!

კიდევ ვიმეორებ – ქართველებს რომ არ გვყოლოდა ვაჟა, ტარიელ ხარხელაური იქნებოდა ჩვენი ვაჟა ფშაველა! ჰკითხა ვინმემ – ბატონო ტარიელ, ჩემო ტარიელ, ძმაო, როგორ ცხოვრობ? იქნებ გიჭირს რამე?

რას ვერჩოდით ლია ელიავას? ამ ბავშვივით ფაქიზი გულის მქონე ქალბატონს? ,,ზვიადისტი” არისო და კეთროვანივით მოკვეთეს, მოაქციეს იზოლაციაში! საბოლოოდ ვერ გაუძლო ასეთ ვერაგობას და… დადნა ქალი, სანთელივით… მოკვდა, წავიდა…

ვინმემ იცის რა პრობლემები აქვს ჩვენს საყვარელ მწერალს გურამ დოჩანაშვილს? არ იცით? მთავრობავ, არც შენ იცი? საერთოდ თუ იცი რამე, დალოცვილო, გარდა იმისა რომ ,,ხმები” გჭირდება?! ვეღარ ,,გაძეხი” რა ხმებით!

ეხლა რომ ვახსენო ,,ფიტავი და წყალი” ვიღაც ,,ჩამქოლავს”… მაგრამ, მაინც გეტყვით! იცით რა მოხდა ამ დღეებში? ფიტავის ქვემოთ,საქართველოს სამხედრო გზას აკეთებენ. ძველ ასფალტს იღებენ, ახალს აგებენ, გზას აგანიერებენ! ერთი კვირის წინ, იქ კაფეში ყავას მივირთმევდით მე და ლენა.

ყვითელჟილეტიანი კაცი შემოვიდა, ,,მეასფალტე” მუშა. მინერალური წყალი იყიდა… ერთი სიტყვით, მიცნო ამ კაცმა. მოვიდა, ხელი ჩამომართვა, მადლობა გადამიხადა და ისეთი რამე მითხრა, ცრემლი ვერ შევიკავე:

– მე თქვენს წიგნზე გავიზარდე!
– რომელზე?
– ,,სირიუსი იდუმალი სტუმარი” ფანტასტიკა რომ გაქვთ 1983 წელს გამოცემული!… თითქმის ზეპირად ვისწავლე ბავშობაში!

…სავიზიტო ბარათი მთხოვა. მივეცი. რაღაცეები გამომკითხა… მე ვუთხარი, აქ ფიტავში მაქვს აგარაკი ოცდაათი წელია… დამემშვიდობა და წავიდა.

ამ დილით მირეკავს ფიტავის დარაჯი… ვბეჭდავ ამ სტრიქონებს და ცრემლებს ვერ ვიკავებ… მირეკავს და მეუბნება:

– ორი დღეა თქვენი სახლის გარშემო ის ოღრო ჩოღრო გზები რო იყო გაასწორეს და მოაასფალტეს ,,გალავინსკივით”, მააშ, კაცო! მეორადი ასფალტი დააგეს, ძველი, აყრილი ასფალტი, მაგრამ ახალს ჯობია მამაძაღლი ვიყო!

ეს გააკეთა უბრალო კაცმა ,,ყვითელჟილეტიანმა” მუშამ! მადლიერება გამოხატა დიდი ხნის შემდეგ, როგორც შეეძლო…

P.S.
როგორ გამომრჩა ბესიკ დუღაშვილი! ბესიკ, მაპატიე! აი ასეა, “თვალი რომ მოსცილდებაო…”