31 ოქტომბერი, 2017

ცისნამ საყვარლიშვილს “მის ქველმოქმედის” გვირგვინი ჩამოართვეს

ამერიკაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში Ms. Tourism International ქართველმა ჟურნალისტმა ცისნამ საყვარლიშვილმა “მის ქველმოქმედის” ტიტული მოიპოვა.

კონკურსის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით კი მას მიღებული გვირგვინი ჩამოეთრვა და “მის ქველმოქმედის” ტიტულის მფლობელი სვეტლანა კრამარს გადაეცა.

ინფორმაცია კონკურსის ორგანიზატორმა მერსი კონსეფსიონმა გაავრცელა და განაცხადა, რომ ქართველ კონკურსანტს ჩამოერთვა გვირგვინი და მისი ტარების უფლება აღარ აქვს.

ამის მიზეზი გახდა ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა. კონკურსის ორგანიზატორმა ცისნამისგან რასიზმის და ზიზღის შემცველი ინფორმაციის აღკვეთა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ტიტულის ჩამორთმევის პირობა მისცა, რაც საბოლოოდ სისრულეში მოიყვანა.

ცისნამ საყვარლიშვილი:

“ეს ადამიანები ყველაფერს ხედავენ, თარგმნიან და ყურადღებას აქცევენ! თქვენისთანები არცხვენენ ქვეყანას საზღვრებს გარეთ, ენებს რომ არ აჩერებთ. სირცხვილისგან ლამის მიწა გამისკდეს და შიგ ჩავვარდე.

გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ. იმდენი დასცინეთ, აგინეთ და გულის ამრევი სიტყვები დაწერეთ, ამ კონკურსზე, რომ თქვენს გამო და თქვენი უარყოფითი პოსტების გამო, მე დავისაჯე. კიდევ ერთი ბოროტება გამიკეთეთ, როგორც მაშინ როცა იტალიურ ტელევიზიაში რეკავდით და ჩემზე ეუბნებოდით უსაბუთოს ნუ ამუშავებო.

დღეს ბოროტებამ გაიმარჯვა, მაგრამ ხვალ სიკეთე გაიმარჯვებს. გილოცავთ, მიზანს მიაღწიეთ ქაჯებო!”