28 ოქტომბერი, 2017

ცირკის შენობა იყიდება

თბილისის ცირკის შენობა იყიდება. ოფიციალური ინფორმაცია სააგენტო Colliers International Georgia-მ საკუთარ ვებ გვერდზე გაავრცელა:

“იყიდება თბილისის ცირკის ისტორიული შენობა, რომელიც 1939 წელს ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის ნიკოლაი ნაპრინცევის მიერ აშენდა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა ხუთ სართულიანია და მისი საერთო ფართი 4.750 კვადრატული მეტრია. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონების შემადგენლობაშია 800 კვადრატული მეტრი ფართობის ადმინისტრაციული ერთეულიც. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ქონება შესაბამისია მრავალფუნქციური განვითარებისთვის, მათ შორის, ოფისის, სასტუმროს, საკონცერტო დარბაზისა და სხვა დანიშნულების ადგილების მშენებლობისთვის. აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმა, რომლის გაცემაც მოთხოვნის შესაბამისად არის შესაძლებელი.”

უძრავი ქონების საერთო ფართი 21.014 კვადრატული მეტრია. რა ღირს თბილისის ცირკის შენობა, ეს ინფორმაცია სააგენტოს მითითებული არ აქვს.