4 ოქტომბერი, 2017

„სალხინოს სასახლის კამერატა“ მსმენელს 1 წლით დაემშვიდობა

კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ გალა კონცერტით საზეიმოდ დაიხურა.

კონცერტზე ყველა მონაწილე მცირე პროგრამით წარსდგა. მაყურებელთა განსაკუთრებული ოვაციები უცხოელი შემსრულებლების მიერ ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებამ გამოიწვია.

ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა მხატვრის მაკო ლომიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულმა მუსიკის კრიტიკოსებმა ფესტივალის მსვლელობას მაღალი შეფასება მისცეს.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობდნენ: „საქართველოს სინფონიეტა“ – საქართველო, კვინტეტი „კონ მორბიდეცა“ – უკრაინა, დუეტი „მოც არტ“ – ავსტრია, ანსამბლი „ლეოპოლდ ბრასი“ – გერმანია.

ფესტივალი მუსიკის მოყვარულებს ერთი წლით დაემშვიდობა.

„სალხინოს სასახლის კამერატა“ ხორციელდება კულტურულ-საგნმანათლებლო ფონდის „დღეს“ ორგანიზებით;

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია დირიჟორი შიო აბრახამია.

ფესტივალი ხორციელდება ადგილობრივი მეცენატების ფინანსური შემოწირულობით.

მხარდამჭერები: მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და ჭყონდიდის ეპარქია.