28 ოქტომბერი, 2017

“რასაც ახლა ვიტყვი, ალბათ, ამ წერილის პათოსს რადიკალურად ეწინააღმდეგება”

“დახიეთ და გადააგდეთ” – ასე ასათაურებს თავის ჩანაწერს mastsavlebeli.ge-ზე მწერალი დავით გორგილაძე და დამწყებ მწერლებს სასარგებლო რჩევებს აძლევს:

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრი ვიყავი. საპასუხისმგებლო და რთული საქმეა, ტიტანურ შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს. ტიტანურ შრომაში იმას ვგულისხმობ, რომ თითო კონკურსზე საშუალოდ 400 მოთხრობა გაქვს წასაკითხი, ხშირად ძილის ხარჯზე, ნებისყოფაში კი იმას, რომ გერჩივნა, ეს დრო ამ 400 მოთხრობაზე უკეთესი ლიტერატურის კითხვაში დაგეხარჯა. მაგრამ, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, საკონკურსო მოთხრობების კრებულს ვერ დახურავ და ვერ მოისვრი.

ამ ხნის განმავლობაში დამწყები ავტორების 2.000-ზე მეტი მოთხრობა წავიკითხე და ამ ყველაფერმა ჩემს ნერვულ სისტემაზე, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა. ეს გავლენა არცთუ დადებითია და რაკი მომავალშიც მომიწევს მათი კითხვა, გადავწყვიტე, რამდენიმე რჩევა მივცე ახალბედა კონკურსანტებს როგორც ერთგვარი გამოცდილების მქონე მკითხველმა და საკუთარ ფსიქიკაზე მზრუნველმა ადამიანმა.

გაგიკვირდებათ, მაგრამ სამყარო თქვენ გარშემო არ ბრუნავს. თუ გგონიათ, რომ თქვენი 18– თუ 20–წლიანი ცხოვრება იმსახურებს მის შესახებ დიდი წიგნის დაწერას, ძალიან, ძალიან ცდებით. თქვენი ფილოსოფიური წიაღსვლა სიკვდილისა და სიცოცხლის რაობასა და დროის მარადიულობაზე მკითხველს არ აინტერესებს. არ აინტერესებს მარტივი მიზეზის გამო, ის არ არის საინტერესო. მოჰყევით ამბებს და თუ მაინცდამაინც თქვენი სულიერი მდგომარეობის ჩვენებაც გინდათ, ცოცხალი ისტორიებით გადმოეცით. ისტორიებით, რომლებსაც აქვს დასაწყისი, გაგრძელება, კულმინაცია, დასასრული.

მაგალითად, თუ გინდათ, ადამიანის მარტოსულობა აჩვენოთ, არ დაიწყოთ იმის მოყოლა, რა არის მარტოობა, რა დიდი დამღაა ის და როგორ უყრის ხანჯალს ადამიანის სულს, როგორ კვნესის დაჭრილი სული, როგორ ინთქმება მისი ხმა მარადისობაში და მსგავსი სისულელეები. ადექით და აღგვიწერეთ, როგორ ეთამაშება პერსონაჟი საკუთარ თავს ჭადრაკს, გვერდით კი უდევს ტელეფონი, რომელსაც ხუთ წუთში ერთხელ ამოწმებს და რომელზეც ერთი თვეა არავის დაურეკავს. ან რამე ასეთი.

ნუ აღწერთ ბუნებას ისე, მკითხველს მისდამი სიბრალულის გრძნობა გაუჩნდეს იმის გამო, რომ თქვენ მას ამძიმებთ. „დილა გაცისკროვნდა, ახალგაღვიძებული დედამიწა გაიზმორა და ცხრათვალა მზე თავისი პაწაწა ხელით აატორტმანა მთის წვერზე, საიდანაც გახურებული მიწის გულზე შვლის ნუკრის ცრემლივით წმინდა ნამი დაეშვა“, – ათი წამი მოვანდომე იმ ერესის მოფიქრებას, რაც ახლა წაიკითხეთ და უკვე ისე ვნანობ, მზად ვარ, „პრაიმშოუს“ ათი გადაცემის ზედიზედ ნახვით დავისაჯო თავი. ზოგიერთი თქვენგანი კი ასეთ, ზოგჯერ კი უარეს პასაჟებს საკონკურსო მოთხრობაში ურთავს. თუ არ შეგიძლიათ, ადამიანურად აღწეროთ ის, რაც გარეთ ხდება, საერთოდ ნუ აღწერთ. კოლოკვიუმზე არ ხართ, ქულას არავინ დაგაკლებთ.

ნუ მოგერიდებათ ქართული სახელების გამოყენება. მით უმეტეს მაშინ, როცა მოქმედება აგერ, თბილისში ხდება. მაგალითად, როცა ვკითხულობთ, რომ „ჟოაკინი ვახუშტის ხიდზე ფეხით გადავიდა და ფენოვანი იყიდა“, ეს არადამაჯერებელს ხდის ამბავს. თუმცა ვაცნობიერებ, რომ ეს ასაკობრივი სინდრომია და ალბათ, ყველას გამოუვლია. მეც მყავდა ორი ეგეთი პერსონაჟი – ხოსე და ადელიტა, მაგრამ ისინი, თუ სწორად მახსოვს, ვახუშტის ხიდზე არ დადიოდნენ.

უმბერტო ეკომ, სანამ „ვარდის სახელის“ წერას დაიწყებდა, მონასტრის ბიბლიოთეკა-ლაბირინთის სამოცამდე ვერსია თავისი ხელით დახატა. ამბობდა, რომ მისთვის აუცილებელი იყო იმის ცოდნა, რა გზით გადაადგილდებოდნენ მისი პერსონაჟები. ამით იმის თქმა მინდა, რომ მოთხრობაში ლოკაციის შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტექსტის დამაჯერებლობისთვის. როცა ტეხასის რომელიღაც გზისპირა ბარში მომხდარ ამბავს ჰყვებით, მიჩნდება საფუძვლიანი კითხვა: საიდან იცის ამან ეს? რატომ გერიდებათ წეროთ თემქაზე, მუხიანზე, ვარკეთილზე, ორხევის დასახლებაზე? განა აქ არ ხდება არაფერი საინტერესო?

ნუ იწერთ ეროტიკულ სცენებს მსუბუქად ეროტიკული ან პორნო ფილმებიდან. ამ პლაგიატის აღმოჩენა ძალიან ადვილია. ეს სცენები ვნებისა და ემოციისგან დაცლილია, ეს ფერადი ნახატის შავ-თეთრი ასლია, რომელიც უნივერსიტეტის მიწისქვეშა გადასასვლელში გადაიღეს, ძველისძველ, უკვე გაყვითლებულ XEROX-ის აპარატზე, რომლის მეპატრონემაც გაგაფრთხილათ, ძალიან ჩაბნელებული გამოვაო. საზოგადოდ, ცნობილი ამბავია, რომ ეროტიკული სცენების წერა დიდ ოსტატობას მოითხოვს. პირველკურსელი კი არა, ზოგჯერ გონკურის პრემიის ლაურეატიც ვერ წერს ფრანგი მწერლისთვის საკადრის სექსის სცენას, მაგრამ, ახალბედასგან განსხვავებით, ის ამას ხვდება.

პატივი ეცით საკუთარ თავს, თქვენ მიერ დაწერილ ტექსტსა და მკითხველს: როცა უკანასკნელ წერტილს დასვამთ, მოთხრობა დაასვენეთ, გაიარ-გამოიარეთ, ყავა დალიეთ, ფილმს უყურეთ ან, საუკეთესო შემთხვევაში, დაიძინეთ და მერე ხელახლა წაიკითხეთ ნაწერი. გაწმინდეთ, გაასუფთავეთ ჭუჭყისგან, ზედმეტი სიტყვებისგან. გაასწორეთ კოჭლი წინადადებები. დაბანეთ, გაახვანჩალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნეთ საჭირო მისამართზე.

ყველა იმ შეცდომას, რომელიც ჩამოვთვალე, ალბათ ფოლკნერი, კამიუ, მარკესი და ეტვუდიც უშვებდნენ, როცა ლიტერატურაში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ. თუმცა მათი ეს შეცდომები აღარავის ახსოვს დღეს, როცა ისინი უკვე ღმერთები არიან. ახლა თქვენც და მეც ვცდილობთ ოდნავ, სულ ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ მათ ოსტატობას. მათსავით მოვიშინაუროთ ენა, შევქმნათ მათი პერსონაჟების მსგავსი გმირები, ვიგრძნოთ ტექსტი ისე, როგორც ისინი გრძნობდნენ, შეგვეძლოს ისეთივე კულმინაციის მოწყობა, როგორიც მათ შეძლეს.

რასაც ახლა ვიტყვი, ალბათ, ამ წერილის პათოსს რადიკალურად ეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც მგონია, ისინი იმიტომ გახდნენ ღმერთები, რომ ასეთი რჩევა-დარიგებები ფეხებზე ეკიდათ და თავიანთ ჩვენებას აწვებოდნენ. ამიტომაც, თუ გინდათ, მწერლები გახდეთ, შეგიძლიათ ამ მეგობრულ რჩევებს თვალი მიადევნოთ, მაგრამ თუ ლიტერატურის ღმერთობა გინდათ, მაშინ ეს წერილი დახიეთ და გადააგდეთ.”