6 ოქტომბერი, 2017

“მინდა საზოგადოებას ვუთხრა”

გადაცემა “პროფილმა” მე-20 საიუბილეო სეზონი დაიწყო. გადაცემის წამყვანმა მაია ასათიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა თავისი ცხოვრების მთავარ ტრაგედიაზე – შვილის გარდაცვალებაზე. თავისი სიტყვებით კი ბევრ ადამიანს უძლიერესი ქალი – მაია ასათიანი კიდევ ერთხელ დაანახვა:

“ვიცი, რომ ეს ბევრ აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, თუმცა მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა თემა რატომ ვაგრძელებ ცხოვრებას. დასასვენებლად ვიყავით მე და დედა და სოციალურ ქსელში ფოტო დავდე, სადაც შორტები მაცვია. სხვათა შორის, ჩემმა კოლეგებმა, ახლობლებმა, ჟურნალისტებმა დაიწყეს ჭორაობა თემაზე, რატომ მაცვია ზაფხულში შორტები, როგორ ვბედავ და ვისვენებ და ა.შ.

ის, რაც მე მჭირს, ეს არის სამუდამო, მე არ მინდა, ამ ტრაგედიით ვინმე დავამძიმო და დავთრგუნო. შვილმკვდარ დედებს აქვთ უმძიმესი შავი აურა, მე არ მინდა, რომ გრძნობდეთ ჩემს მძიმე აურას. დაცემული და მოტირალი არავის არ დავენახვები. მიკვირს ძალიან, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს ყოველდღე მხედავდეს საფლავზე დაცემულს.

საზოგადოებას უყვარს უბედურები და საზოგადოებას უნდა, რომ ვიყო საფლავზე დამხობილი. ეს არ უნდა ჩემს შვილს. თუ რამეს ვაკეთებ, თუ ცხოვრებას ვაგრძელებ, ეს არის ნუცასთვის, იმიტომ რომ მუდმივად მაქვს განცდა, შეიძლება გიჟი გეგონოთ, რომ ის ჩემთან არის.

დედა-შვილობა არ მთავრდება სიკვდილით, ეს ზუსტად ვიცი და ჩვენ ისევ ერთად ვართ. სულ მაქვს განცდა, რომ ის აქ არის.

მას არ მოვეწონები შავებში ჩაცმული. მე ვტირი, მაგრამ ამას ვერავინ ხედავს. ვცდილობ იშვიათად ვიტირო, იმიტომ რომ ეს მანგრევს. საფლავზეც იშვიათად დავდივარ, იმიტომ რომ იქ ვხდები ყველაზე ცუდად. არ ვიცი ამას უნდა ვამბობდე თუ არა, არ მივდივარ იმიტომ, რომ იმ წამებში, როცა იქ ვარ, მიპყრობს პანიკა, მინდა რომ საფლავი გავთხარო და იქ ვიწვე. ამ მდგომარეობაში ჩემი თავი მძულს.

დღეს თეთრი მაცვია… საგანგებოდ მაცვია თეთრი. ნუცამ მითხრა ასე და იმიტომ მაცვია… მე შვილმკვდარი დედა ვარ. ეს ასეა, მაგრამ ცოცხალი ვარ და მინდა ვიყო ბედნიერი…

ყველა მოვკვდებით. იქ ყველა წავალთ… ახლა კაცობრიობის მთავარი შიშის წინაშე ვარ თავისუფალი, სიკვდილს ველოდები როგორც ჩემი ცხოვრების მთავარ შეხვედრას, იმიტომ რომ ვიცი, იქ ნუცაა და მანამდე, რამდენიც მაქვს დარჩენილი, ვიცხოვრებ როგორც ადამიანი!”