14 ოქტომბერი, 2017

“მარიტა კიდევ ერთი ნიშანია უფლისგან მოცემული ღვთისმშობლის ქვეყნისთვის…”

“შეყინულღიმილიანთა” ეპოქა – ასე ასათაურებს თავის ჩანაწერს პოლიტიკოსი თემურ შაშიაშვილი და ლიკა ქავჟარაძეს ეთხოვება:

“ლიკა ქავჟარაძე ზეცის ბინადარი გახდა

სილამაზის ეტალონი… ეპოქის სახე…
ამ ქვეყნიდან წასვლითაც ეპოქას სახელი დაარქვა:
სიყვარულზე სიძულვილის აღზევების

სწორედ ეს არის ეს ეპოქა ყოველი ზნეობრივი ადამიანისთვის… ამ ეპოქას შექსპირის 66-ე სონეტი ჰქვია…

“შეყინულღიმილიანთა” ეპოქა, როგორც ზუსტად შეაფასა გურამ დოჩანაშვილმა.

დღევანდელ საქართველოში ყოველ ზნეობრივ ადამიანს უჭირს მორალურად, მათ უმეტესობას გაუსაძლისი ყოფითი პრობლემებიც აქვს…

რთული დროა, რთული… სიკეთე გათითოკაცებულია, ბოროტება კი ერთ მუშტადაა შეკრული…

ყველაფერი ამ ქვეყნად ღვთის ნებით ხდება და უფალმა ყველასთვის ერთნაირად საყვარელი და მომხიბვლელი ლეონიძის მარიტას ამ ქვეყნიდან წაყვანით, იქნებ დიდი ნიშანი მოგვცა, ზნეობრივი ზარი შემოკრა… მოაზროვნე ადამიანისთვის დიდი ზარი… მთავარია ვინ შევძლებთ მისი ხმის გაგონებას გულსა და ცნობიერებაში… რაც მეტი, მით უკეთესი ქვეყნისა და ყოველი ჩვენგანისთვის!

მე ადამიანურად დამანგრია ამ ფაქტმა და პირველი გენიალური ფილმი “ნატვრის ხე” და მაშინვე გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” გამახსენა:

“დომენიკო, იცი, ადამიანები გაუცხოვდნენ, მზერაც რაღაცნაირად ცივი და დამცინავი გაუხდათ. მათი სახეები “შეყინულღიმილიანდა”, გაიცრიცა, სიყალბე შეერია. თვალებისაც უნდა მეშინოდეს, დომენიკო?? ადამიანის უნდა მეშინოდეს?? არ შეიძლება ყველანი კარგები ვიყოთ?? არ შეიძლება მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ და ერთმანეთი გავაბედნიეროთ?? დომენიკო, არშეიძლება?”

ეჭვიც არ მეპარება შეიძლება, შეიძლება.

იქნებ, მარიტა კიდევ ერთი ნიშანია ამის უფლისგან მოცემული ღვთისმშობლის ქვეყნისთვის მოცემული…”