17 ოქტომბერი, 2017

“გული ვერ მითმენს და მაინც უნდა ვთქვა…”

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილეს გიორგი ფარეშიშვილს მიაჩნია, რომ აფხაზეთიდან ჩამოსვენებული გმირები დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე საპატიოდ უნდა ჩამოატარონ… სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან წაიყვანონ ახალგაზრდები და იქნებ ასე მაინც შევახსენოთ ოკუპირებულ და ტერიტორიებ დაკარგულ მოსახლეობას, რომ ამ ადამიანებმა სინდისი მოგვწმინდეს:

“გული ვერ მითმენს და მაინც უნდა ვთქვა.

როდესაც პრეტენზია გვაქვს და გულზე მჯიღს ვიცემთ პატრიოტიზმზე, ოკუპაციაზე, დაკარგულ ტერიტორიებზე, გმირებზე, წინაპრებზე და აშ….

როდესაც სულ ვსაყვედურობთ უმცროს თაობას: ესენი ვინ გამოვლენ?! ესენი დაიცავენ ქვეყანას?! ამათ რა სამშობლოს სიყვარული იციან?! წინაპრების ფასი თქვენ რაიცით?! ეჰ ერთიანი სამშობლო! აი სოხუმში რომ დავდიოდით… აი ჩვენი გმირი წინაპრები

… და მსხვა არაერთი მსგავსი…

და სწორედ ამ დროს არანაირი ინფორმაცია არ არის სახელმძღვანელოებში სკოლაში თუ უნივერსიტეტებში თუნდაც ბოლო დროის ჩვენი ქვეყნის გმირებზე, სრულიად თანამედროვეებზე, აგერ სულ რაღაც 24-25 წლის წინ რომ იქცნენ უკვდავ მამულიშვილებად, არანაირ სახელმწიფო აზროვნებას არ ვაჩვევთ ბავშვებს და არ ვუხსნით, რატომ უნდა ემსახურო სამშობლოს, რატომ უნდა გიყვარდეს და თავს სწირავდე, შემდეგ კი ვთხოვთ მათ, რომ პატრიოტები იყვნენ და გულიანად გავკიცხავთ, ვანახებთ არა ფაქტებს, არამედ გვინდა ლეგენდებით იკვებონ და ურაპატრიოტიზმით აღსავსენი სუფრებზე გამოდიოდნენ ზედაპირული სადღეგრძელოებით, რომლებიც ისევე მიინავლება, როგორც აინთო…

არადა, სულ რაღაც 24 წლის წინანდელი გმირობის ამბავი აქვეა და უკანასკნელად ჩაივლის დედაქალაქის ქუჩებს… და ეს ქალაქში საერთოდ არ იგრძნობა…. ეროვნული გმირი ჩამოვიდა დედაქალაქში და ვითომც არაფერი.. მარტო გამოსვენების წინ სახალხო სამძიმრებიც დიდი ვერაფერი მგონია… თუ საზოგადოება ვერ გრძნობს, ვისაც ეს ხელეწიფება, მან უნდა გვაგრძნობინოს… სახელმწიფო დროშები უნდა დაგვაშვებინოს… დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე საპატიოდ ჩამოატარონ გმირები… სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან წაიყვანონ ახალგაზრდები და იქნებ ასე მაინც შევახსენოთ ოკუპირებულ და ტერიტორიებ დაკარგულ მოსახლეობას რომ ამ ადამიანებმა სინდისი მოგვწმინდეს და ჩვენი საერთო სამშობლოსა და ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის სიკვდილს დაუჩოქებლად შეეგებნენ!

მაპატიეთ, თუ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ როდესაც მათ საქციელზე ვფიქრობ და ვცდილობ გავიაზრო – ვერ წვდება გონება, როგორ უნდა უყვირო მტერს და თითი დაუქნიო როცა გიბრძანებენ დაიჩოქო და შეაგინო ქვეყანას! როცა იცი უკანასკნელი შანსი გაქვს გადარჩენის!
მაგრამ არა…..

არასოდეს ცხოვრებაში!
არასოდეს ცხოვრებაში!

გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და სხვები – ყოველდღე არ ბრუნდებიან თბილისში!

დიდება გმირებს!
დიდება ერთიან საქართველოს!

24 წლის შემდეგ ჩამობრძანდა საკუთარი სამშობლოს დედაქალაქში…

24 წელი ელოდებოდა საკუთარ ენაზე დაეტირებინათ…

24 წელია კაცი, რომელმაც მტერს არ დაუჩოქა სამების საკათედრო ტაძარში ეთხოვება საქართველო!
საქართველოს ეროვნული გმირი – გურამ გაბესკირია თავის 24 თანამემამულესთან ერთად დაბრუნდა დედაქალაქში!

სულ მინდოდა საფლავი მაინც მენახა მისი, მე დამეჩოქებინა და მადლობა მეთქვა, რადგან მტერს არ დაუჩოქა, რადგან ღირსება შეუნარჩუნა ქართველ კაცს, რადგან სხვანაირად დამანახა როგორ უნდა დაუმტკიცო სამშობლოს საქმით სიყვარული – ჩემი ნატვრა ახდა და დავუჩოქე, დავუჩოქე მის წმინდა ნეშტს და ვმადლობდი საქართველოსთვის, სოხუმისთვის, იმედისთვის რაც თავგანწირვით მოიტანა!
უკვე უკანასკნელად ჩაეხუტება საკუთარ მიწას, დიახ, საკუთარს, რადგან მან ეს დაიმსახურა, მიისაკუთრა საქართველოს მიწა, დაიმსახურა ეროვნული გმირის სახელი!

მასწავლებლებო, მშობლებო – წამოიყვანეთ თქვენი სტუდენტები, მოსწავლეები, კოლეგებო, მეგობრებო…. ყველას, ვისაც სამშობლო მხოლოდ სუფრაზე გასახსენებელი ცნება არ გვგონია…. უკანასკნელად მივაგოთ პატივი ჩვენს მამულიშვილებს…

დიდება გმირებს!
დიდება სამშობლოს!”