22 ოქტომბერი, 2017

“ბოროტება აბრმავებს”

აცხადებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და თავის პედაგოგს, პიანისტ გიზი ამირეჯიბს იხსენებს:

“კონცერტზე გასვლის წინ მეუბნებოდა: “დაივიწყე ყველაფერი, რაც გასწავლე. მთელი სამყარი შენია, ისიამოვნე.” სტადიონზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მის გარშემო განსხვავებული აზრის გამო, თვალებში ზიზღს და ზემოდან ყურებით ნიშნისმოგებას რომ ვხედავდი, გიზიმ გულში ჩამიკრა, თვალებიდან სიყვარულს აფრქვევდა. მისგან გაკიცხვა, განსხვავებული აზრის გამო მტრობა, სიყეყეჩე და მეწვრილმანეობა ძალიან შორს იყო.

გიზიმ მასწავლა როიალის ორკესტრივით მასშტაბურად და მრავალფეროვნად გაჟღერება. მას ორკესტრი, ცალკეული ინსტრუმენტებით, გაუჟღერებლად ესმოდა, მუსიკით მთლიანად იყო გაჟღენთილი. მისი მუსიკალური ფრაზები ისეთივე ბუნებრივი და გრძელი იყო, როგორც მისი გულწრფელი განუკითხაობა და დიდსულოვნება.

ოთახში, სადაც გაკვეთილს გვიტარებდა, გაჩერებულ დროში, ქალაქის ხმაურიდან და შუქიდან შორს, დაგუბებულ სივრცეში და სიჩუმეში ჩვენს თვალწინ ბადებდა ბგერას, ფერებს ჩვენსავე ტვინში აზავებდა, დრამატურგიას ერთი ხელის მოსმით გვიხატავდა და მასწავლებელსა და შეგირდს შორის ზღვარის გაუვლელად, იბადებოდა ინტერპრეტაცია, ყოველგვარი გავლენის მცდელობის გარეშე. მისი წასვლით ეს რეალობა გაქრა და დარჩა წარმოდგენად.

როგორც ადამიანი, ვგლოვობ ამ დანაკლისს. მტკივა, რომ კანტიკუნტად მოხეტიალე დამშეული ნორჩი სულები ამას ვერ მოესწრნენ. ასევე, როგორც ადამიანი, ჩემს ტვინს და შთაგონებას ვკვებავ ფანტაზიით, რომელიც დამიტოვა, როგორც გენიოსი ტოვებს შედევრს.

იმ ოთახში, ბნელში მშვიდად გამონათებული მისი სული, მაშინაც არის, როდესაც იქ არ არის. ასე იყო მის სიცოცხლეშივე. ოთახში სანამ შემოვიდოდა, ვგრძნობდი მის იქ ყოფნას, იმდენად, რომ მისი შემოსვლისას ძალიან არ მინდოდა მივსალმებოდით ერთმანეთს, მენანებოდა იდეალური ჰარმონიის დარღვევა. მაინც ვესალმებოდით, ზრდილობა არ მაძლევდა ჰარმონიით ტკბობის უფლებას. ასე, ყოველი გაკვეთილისას ვეხებოდი სრულყოფილ სიმშვიდეს და მალევე ვემშვიდობებოდი მას. (ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი.)

ასეთი დიდი ადამიანი იყო გიზი. მასთან სიჩუმეში ჯდომაც კი გაგაგებინებდა იქამდე გაუგებელს. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი არსებიდან აფრქვევენ მუსიკას, სიბრძნეს, სიყვარულს. ამის არდანახვა ან შერყვნა მხოლოდ სულმდაბალ და მავნე ადამიანს შეიძლება მოუნდეს.

ბოროტება აბრმავებს.”