30 ოქტომბერი, 2017

“ამის დამწერს ჰქვია პოეტი!”

აცხადებს მწერალი მანანა დუმბაძე და პოეზიის მოყვარულებს პოეტ ედუარდ უგულავას ლექსს უზიარებს:

“მე ისე მხიბლავს შეხვედრა შენთან,
ყოველ წამს ისე მძაფრად განვიცდი,
არა მგონია, სახელი ერქვას
ამ გრძნობას რამე შესაბამისი;
სხვამ თუ არავინ, ორივემ ვიცით,
შენით ჩქარდება დღემდე ეს გული.
შენა ხარ შვება, ვით თბილი სისხლი,
ვენიდან ახლად გამოშვებული.
როდესაც ღამე ღვინდება თეთრად,
შენ, შესამჩნევად ღიმილნაკლულო,
ყოველთვის ბედავ, მოხვიდე ჩემთან
და კარზე ფრთხილად დააკაკუნო.
მოხვალ და თითქმის არაფერს იტყვი,
ნაჩვევი წვიმებს გადაუღებელს…
ასე თუ ფრთხება უმწეო ჩიტი,
როცა გალიის კარებს უღებენ.
თუმცა, იმ მზერას არასდროს იშლი,
ტანს რომ მიხორკლავს ვნების ეკლებად.
როგორც კუბოზე ხმაური ქვიშის,
შენი თმა მკერდზე ისე მეყრება.
მაგრამ ღიმილით ტკივილებს მპარავ,
იმ სიჯიუტით, როგორც შენ გინდა,
თითქოს ნელ ცეცხლზე ახურებ დანას
და მაცლი ტყვიებს ჭრილობებიდან.
მე მაინც უნდა დაგტოვო ხვალ-ზეგ,
მერე შენ გაწმენდ საფლავს თოვლიანს
და ეწერება გაბზარულ ქვაზე –
იცოცხლა, მაგრამ არ უცხოვრია!”