25 ოქტომბერი, 2017

ხელოვნების სასახლეს უნიკალური ფოტოები გადაეცა

ცნობილმა გერმანელმა მხატვარმა ვერნერ რუდიგერმა ხელოვნების სასახლეს უნიკალური ფოტოები გადასცა.

132 ფერადი სლაიდი და 50-ზე მეტი შავ-თეთრი უნიკალური ფოტო მე-20 საუკუნის 60-70-იანი წლების საქართველოს და ტაო-კლარჯეთის შესახებ ცნობილმა გერმანელმა მხატვარმა ვერნერ რუდიგერმა ხელოვნების სასახლეს გადასცა.

ფოტოზე ბევრი სახეცვლილი, ან სრულად განადგურებული ისტორიული ძეგლია ასახული. ფოტოებზე ლაზეთის რეგიონიცაა აღბეჭდილი და თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ეთნოგრაფიაც.

ვერნერ რუდიგერმა ხელოვნების სასახლეს დიდი ფოტოკოლექცია უკვე მეორეჯერ გადასცა. პირველად მან მუზეუმს 100-ზე მეტი სლაიდი 2016 წელს უსახსოვრა.

ხელოვნების სასახლე 2018 წელს გერმანელი მხატვრისა და მოგზაურის ფოტო ალბომის გამოცემას გეგმავს.