12 ოქტომბერი, 2017

“ყველა მარიტაა, ვისაც საკუთარი გზის გავლას არ ვაცლით…”

აცხადებს მამა პეტრე კვარაცხელია და მიაჩნია, რომ “ღმერთს არ სჭირდება გაბოროტებული სამართალი…”

მამა პეტრე ინიციატივითაც გამოდის, მარიტას სახელობის ბაღი გაკეთდეს და იქ მარტო ბროწეულები დაირგოს:

“მარიტას სახელობის ბაღი გავაკეთოთ და მარტო ბროწეულები დავრგოთ!..

მთელი ცხოვრება დამნაშავე ვიქნებით ,,მარიტას” წინაშე… ვერანაირი ცრემლით ვერ ჩამოვრეცხავთ იმ ტალახს და წუმპეს, რასაც დაუღალავად ვესროდით…

მთელი ცხოვრება დაგვამძიმებს სხვის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება და უმკაცრესი განაჩენი… ვერაფრით გამოვისყიდით, სხვების გაუბედურებას და განადგურებას…

მთელი ცხოვრება მოგვიწევს მიუტევებელი შეცდომების ტარება, სხვის სულში ტალახიანი ხელების ფათურის დამსახურებით…

რა გვემატება იმით, რომ სხვას სიცოცხლეს ვუმწარებთ?!

მარიტა პიროვნება არა, იდეაა… ყველა მარიტაა, ვისაც საკუთარი გზის გავლას არ ვაცლით…

მარიტა ყველაში ცოცხლობს და მივცეთ უფლება გაიღიმოს, მზით გათბეს, უყვარდეს ის, ვინც უნდა უყვარდეს…

ღმერთს არ სჭირდება გაბოროტებული სამართალი…

მ ა რ ი ტ ა
კი არ მოკვდა, ბროწეული გაიხლიჩა,
ოქტომბერში ბროწეულმა ასე იცის…
და სიყვარულს ტალახის ქვეშ მაინც იცავს,
შეცდომებზე მეტი არის დანაკლისი…
ამ სოფელმა სილამაზე ვერ დაიცვა,
წვიმა არა , ეს მარიტას ცრემლებია…
დაამძიმა ციციკორემ დედამიწა,
და სხვებიც თავს ციციკორეს ევლებიან…
არ სჭირდება ღმერთს ასეთი სამართალი,
და შიშისგან ჩრდილებიც კი ჩერდებიან…
ისე გვემეს, უიმედოდ ავად არის,
სისხლი არა, ბროწეულის წვეთებია…”