10 ოქტომბერი, 2017

,,უსახელო პოეტმა” დაგვანახა, როგორ შეიძლება იყო პროვინციიდან და არ იყო პროვინციელი…”

,,უსახელო პოეტი” – ასე უწოდებს მამა პეტრე კვარაცხელია ტერენტი გრანელს:

“წალენჯიხიდან ჩამოსულს, აზრადაც არ ექნებოდა იმ ქარტეხილების გამოვლა, რაც პოეტების ქალაქად მონათლულ თბილისში დაატყდა… მისი ყოველი სტრიქონი-გულიდან წამოსული სისხლის წვეთები იყო, რომელთანაც ნაზიარები საბოლოოდ ერწყმოდა ,,ცისფერ სიშორეს”, ,,უხილავი ბაღების სილურჯეს”, ,,გლოვის ზარებს”, ,,ფარულ ვედრებას”, ,,ქრისტეს გამოცხადებას”…

ჩვენში მეორედ მოსული ღმერთი, დაუღალავად ატარებდა სულის ფსკერზე დაუნჯებულ უსახელო ტკივილს, ამოუხსნელ მწუხარებას, დათოვლილი სანთლების ჩაუქრობელ ნათელს…

ღვთაებრივი არა, ღვთაება იყო, რომელსაც ჯვარივით მძიმე ლექსები დაჰქონდა მინავლებული მხრებით, ცაზე უსასრულო ლურჯი თვალებით, უცრემლო ტირილით…

ის არ ცხოვრობდა არსად, მაგრამ მიტოვებული ტაძრები, მდუმარე სამრეკლოები, ნესტიანი სარდაფები, სასაფლაოები, ქარვისფერ ხეთა ჩრდილები მისი თავშესაფარი იყო…

არასდროს უთხოვია სიცოცხლე, არც სიკვდილი, სწორედ მესამე გზის ძიებას შეეწირა, ,,პოეზიაში უდიდესი და ცხოვრებაში გზააბნეული”…

ალბათ, ეს არის ნამდვილი შემოქმედის ბუნება… ყველაფერზე უარის თქმა და მართალი სიტყვისთვის მოწამეობა…

არც ჭორები დაკლებია ტალახად… ქართველმა ხალხმა გიჟი უწოდა, თუმცა იმდროინდელი, სამწუხაროდ, ამჟამინდელიც, საქართველო ის მხარეა, სადაც ცოცხალი ხალხი მარხია…

მათთვის კი, ლექსებს ტარიგად შეწირული ,,შავი წიგნების” ავტორი, ისეთივე გაუგებარი იყო, როგორც ებრაელებისთვის ქრისტე, რადგან ადამიანად გაჩენილი მესია, არა მიწიერ, არამედ ზეციურ დიდებას პირდებოდა…

თმაგაწეწილი, სახეშეშლილი პოეტი-სალოსი, უფრო და უფრო ჩიოდა, როგორ ამოსულიყო იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა…

არადა, მისი სულიერი ტაძრის საძირკველი, არასდროს დაჰკარებია მიწას… იგი საკუთარ ბინას, შორეული ვარსკვლავის სიკაშკაშეში ხედავდა, მას ქრისტე იხმობდა სხვა ვარსკვლავიდან…

დიახ, მისი სული ლანდი იყო ღმერთის და ლანდების ასეულს დაყვებოდა უსასრულოდ…
აცოფებდა ნათურების ჩაღამებული თვალები და ქრისტეს თვალებს ელოდა…

ხშირად იდგა ღია ფანჯრის წინ და წვიმის ფონზე გარინდული უსმენდა თეთრი კლავიშებიდან წამოსულ მელოდიას…

ბევრი ჰქონდა აღმაფრენა, მოწყენილობაც, სიხარულიც, მწუხარებაც… ესენინივით თავის მოკვლაზეც დაფიქრდა ალბათ, მაგრამ მასავით ჯვარცმული ღმერთის ერთგული დარჩა სიკვდილამდე…
არაფერი გააჩნდა, გაყვითლებული რვეულების და უძილო ღამეების გარდა…

ნაგვემ სულს უღმერთო ეპოქა მარწუხებს უჭერდა, ის კი საკუთარი სხეულიდან, როგორც ჩაკეტილი საკნიდან გარბოდა მაშინ, როცა გადარჩენას გმინავდნენ ლაზარეთის კედლები…

ზოზიას ცრემლებს ავგაროზივით ატრიალებდა დასიცხულ თითებში და სოფლის კვირის წირვები ენატრებოდა…

სისხლიანი სამარიდან აღმდგარი ,,მგლოვიარე სერაფიმი”, მფარველად დაუდგა ნიცშეს ფილოსოფიით დაავადებულ ეპოქას და გულწრფელად აღგოხდა ,,შენ წმინდაო მაცხოვარო, ამინ!”

,,უსახელო პოეტმა” დაგვანახა, როგორ შეიძლება იყო პროვინციიდან და არ იყო პროვინციელი…”