Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“პეტრე ოცხელმა დრო დაამარცხა! ოცხელი უკვდავია!”

7 ოქტომბერი, 2017

"პეტრე ოცხელმა დრო დაამარცხა! ოცხელი უკვდავია!"მხატვარი პეტრე ოცხელი სრულიად ახალგაზრდა 37 წლის რეპრესიებს შეეწირა, თუმცა მან მოასწრო და ისეთი შემოქმედება დატოვა, რომელმაც დროს გაუსწრო.

ხელოვნების სასახლის წარმომადგენელი თამთა გრძელიშვილი პეტრე ოცხელთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას იხსენებს:

“ერთხელ მუზეუმში უცხოელი სტუმრები გვეწვივნენ – წყვილი და პატარა გოგო, რომელიც მშობლებს ჩამოშორდა, ოცხელის ნამუშევრებთან გაჩერდა – აი, ბეტმენი, ეს ხომ ბეტმენია! – მაჩვენებდა “ფრთოსან მღებავზე”..

“ფრთოსანი მღებავი” პეტრე ოცხელმა 1936 წელს დახატა, ბეტმენამდე დიდი ხნით ადრე.. მეტიც, მარცხენა კუთხეში მიხატული თვითმფრინავებიც კი არ არსებობდა იმ დროს, მათი მსგავსი მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს…

მაგრამ ოცხელთან არაფერი გაოცებს, ის ხომ უნიკუმი იყო, თუმცა როგორ არ გაოცებს?! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, პეტრე ოცხელი მუდმივად გაოცებს, აღგაფრთოვანებს და გხიბლავს!

როგორ მოახერხა ყოფილიყო ასეთი თანამედროვე, ასეთი უსაზღვრებო, ასეთი ნიჭიერი, ქართული მოდერნიზმის ჯადოქარი – ეს ყველაფერი ერთმა ადამიანმა სულ რაღაც ოცდაათ წელიწადში, ისე რომ საბჭოთა კავშირის საზღვრებიც არ დაუტოვებია, არასდროს შეხვედრილა იმ დროინდელი ხელოვნების გურუებს… ყოველგვარი გავლენებისგან თავისუფალი ნამდვილი ვუნდერქინდი იყო.

პეტრე ოცხელის ცხოვრება ფუფუნებით დაიწყო, ფრანგი გუვერნანტებით, საკვირაო სპექტაკლებით, დიდ ოჯახში, თითქოს უღრუბლოდ… ბავშვობიდან ბლოკნოტითა და ფანქრით დადიოდა ყველგან და სულ ხატავდა… მერე ცხოვრება უდედოდ – მთელი ცხოვრების ტკივილი, გაჭირვება, ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ პეტრე სულ ხატავდა, ქმნიდა, სიგიჟეებს აკეთებდა მარჯანიშვილთან ერთად, მისი დეკორაციები ცალკე პერსონაჟი იყო სპექტაკლში, კოსტიუმებს მოუთმენლად ელოდნენ მსახიობები – პეტია, მარტო კოსტიუმს და დეკორაციას კი არა, გმირსაც ქმნის, სამუშაოს აღარ გვიტოვებს – ამბობდნენ თურმე მსახიობები. ყველა გიჟდებოდა ოცხელზე, კამპანიის გული იყო, ცეკვავდა, მხიარულობდა, სიყვარული, აღიარება, ყველაფერი ჰქონდა და მერე ეს სიტყვები:

– თქვენ ბრალი გედებათ კონტრრევოლუციურ და ანტისაბჭოთა საქმიანობაში.
– მე არ ვეწეოდი კონტრრევოლუციურ მუშაობას.
– მოგვეცით ჩვენება თქვენი ტერორისტული ჯგუფის შესახებ…

1937 წლის 2 დეკემბერს პეტრე ოცხელი დახვრიტეს. ქაღალდის ეკონომიის მიზნით, ექიმს დასკვნა ოქმის ფურცლის მეორე გვერდზე მიუწერია… ასეთი ირონიების ეპოქა იყო…
გრიგოლ ოცხელი დიდხანს ეძებდა გაუჩინარებულ შვილს, 1941 წელს სტალინს წერილიც კი გაუგზავნა… შვილის ლოდინში გარდაიცვალა…

მრავალი წლის მანძილზე ოცხელები მაინც არ კარგავდნენ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, პეტია ოჯახს უვნებლად დაუბრუნდებოდა. საბოლოოდ ყველაფერი 1992 წელს გაირკვა – როდესაც არქივი გაიხსნა და აღმოჩნდა, რომ პეტრე ოცხელი დაკავებიდან 2 თვეში დახვრიტეს. მარინა ოცხელმა ეს ამბავი ძლიერ მოხუცებულ დედას და ბიძას არ გაუმხილა.

1939 წელს, ლონდონში თეატრის მხატვართა ნამუშევრების მსოფლიო გამოფენაზე, პეტრე ოცხელის ესკიზები ოქროს დიდი მედლით დაჯილდოვდა.

გამართლდა კოტე მარჯანიშვილის სიტყვები:
“სიკვდილი სულელური სიტყვაა… სიკვდილი არ არსებობს…”
ნამდვილად, პეტრე ოცხელმა დრო დაამარცხა! ოცხელი უკვდავია!”