19 ოქტომბერი, 2017

“ჩვენი ენის უზარმაზარ შესაძლებლობებზე უარს ვამბობთ…”

აცხადებს პოეტი ტარიელ ხარხელაური და თავის ტკივილს თანამემამულეებს უზიარებს:

“რა გითხრათ, რით გაგახაროთ”-ო, ბრძანებდა დიდი ილია… დიდად გასახარელსა თუ თავის მოსაწონებელს ვერც მე ვიტყვი და არც ძალიან მოვიწადინებ. ამის საშუალებას ახლანდელი პოლიტიკური სივრცე არ იძლევა…

უკვე რამდენი წელია, რაც უარი ვთქვით სიყვარულის ენით საუბარზე და ნაცვლად ამისა, აღვაზევეთ ზიზღი და სიძულვილი, მიზნის მისაღწევად კი სწორედ ამ უკანასკნელს მივუშვით სადავე. შედეგად, ვხედავთ თითოეული თქვენგანისთვის სალოცავ ხატად ქცეულ სამშობლოს დღევანდელ მდგომარეობას.

ვერ გამოვდგები ვერავის ჭკუაზე დამრიგებლად, ვერ გაგინიჟებთ, რომ რაც მე მტკივა და მაწუხებს, რაც ნიადაგ ჩემიფიქრის საგანია – სწორედ ის გზაა, რომელიც გვირაბის ბოლოს ანთებულ სინათლესთან გაგვიყვანს. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ჩემსა და, გარკვეულწილად, თქვენდა სამწუხაროდ, ვერც ამ ზიზღსა და ერთმანეთის მიმართ ზღვარგადასულ სიძულვილში ვხედავ საიმედოს, რომელიც ამ გზის სათავესთან დაგვაყენებს და უფალთან მიგვაახლოვებს…

მტკივა… მოჭარბებულად მტკივა… ჩვენი ენის უზარმაზარ შესაძლებლობებზე უარს ვამბობთ და ერთმანეთთან ქვეყნისათვის და ენისთვის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, ქუჩური ტერმინოლოოგით ვსაუბრობთ. ზემოთ მოგახსენებდით და ახლაც ვიმეორებ: – არ ვწერ ვინმეს ჭკუის სასწავლებლად… უბრალოდ, ჩემს მოკრძალებულ ფიქრსა და ტკივილს გიზიარებთ იმის გამო, რომ რაც ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მოჭარბებით ჩანს – ეს გზა არაა ის გზა, რომელიც ჩემს ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება.

სამწუხაროდ, დიდად არც იმის განცდა მაქვს, რომ ჩემს ამ მოკრძალებულ ნაფიქრალს ვინმე ყურს დაუგდებს, მიხვდება მიზეზს ჩემი წუხილისას, შეიცვლება და ხვალიდან სიყვარულის ენას დაუდებს საფუძვლად თავის საქვეყნოდ გამოსადეგ მოწადინებას.

სწორედ ამის გამო ვრჩები უფლის იმედად, როგორც ვაჟა ბრძანებდა: -,,ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, მძინარიც ამას ვდუდუნებ’’-ო.. თქვენც ამ ფიქრებში თანამონაწილეობას გთავაზობთ, იქნებ ამიხდეს ოცნება და ცოტახანს მაინც ვიცხოვრო იმ დროში, როცა ღმერთის შეწუხება ამის გამო ნაკლებად დაგვჭირდება. იქნებ შევძლოთ და ცალ-ცალკე, თითოეულ ჩვენგანში ნაწყვეტ-ნაწყვეტ გაბნეული ფიქრი ქვეყნის დამამშვიდებელ ერთიან ფიქრად ვაქციოთ…”