28 ოქტომბერი, 2017

“ქართული სულით გაჟღენთილი მოთხრობების ავტორი ქვეყანას არ სჭირდება”

მწერლისა და “გააგრძელე საქართველოს ისტორიას” ავტორის გურამ ქართველიშვილის მეუღლე თამრიკო მესხი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ქართული სულით გაჟღენთილი მოთხრობების ავტორი ქვეყანას არ სჭირდება:

“ორი დღის წინ საუბარი გვქონდა ოჯახში ახალგაზრდების სამშობლოსადმი დამოკიდებულების შესახებ. ჩვენმა 20 წლის შვილმა გვითხრა – ჩემი თაობის ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს საერთოდ არ ანაღვლებს საქართველო, ერთი სული აქვთ როდის გაიქცევიან აქედანო.

ამან საშინლად იმოქმედა ჩვენზე და მოვყევით იმაზე საუბარს როგორ და რატომ უნდა ემსახურო სამშობლოს, რაზეც სრულიად ლოგიკური, მაგრამ მტკივნეული პასუხი მივიღეთ – ამდენი წელია გიყურებთ, რაც თავი მახსოვს ამ ქვეყნის სამსახურში ათენებთ და აღამებთ, მაგრამ ტანჯვა-წამების და ნერვების გლეჯის მეტი არაფერი მიგიღიათ. მუდმივად ომი გიწევთ იმისთვის, რომ ხალხისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე აკეთოთ და ვინ დაგიფასათ, ომში მუდმივად მარტო ხართ და ეხლა საერთოდ უმუშევრები დაგტოვეს. აბა იმათ შეხედეთ, ვისაც ქვეყანა ფეხზე კიდიათ – არც ფული აკლიათ, არც თანამდებობები და არც დაფასება.

ეს არის დღევანდელი საქართველო, სადაც “გააგრძელე საქართველოს ისტორიას”, “ქაქუცა ჩოლოყაშვილის”, “ცერკოვნი ბუნტის”, “ქრონიკების”, “კედლების”, “კავკასიას” და ქართული სულით გაჟღენთილი მოთხრობების ავტორი ქვეყანას არ სჭირდება.”