8 ოქტომბერი, 2017

ქართული ანბანის უნიკალური კოლექცია ოფენბახის მუზეუმში

2018 წლის ოქტომბრის თვეში ფრანკფურტში, ოფენბახის შრიფტების მუზეუმში პირველად გაიმართება ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა.

უნიკალურ კოლექციას ოფენბახში საქართველოს ხელოვნების სასახლე წარადგენს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და წიგნის ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით შეთანხმება ორ მუზეუმს შორის 2016 წელს შედგა.

მომავალ ექსპოზიციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქართული ხელნაწერები და ძველნაბეჭდი წიგნები ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გელოვანის კოლექციიდან, მათ შორის ისეთი უნიკალური ეგზემპლარები როგორებიცაა მე-18 საუკენეში გადაწერილი “დილარიანი”, რომში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნები, ვახტანგ მეექვსისა და ერეკლე მეფის სტამბაში შექმნილი გამოცემები.

ძველნაბეჭდ წიგნებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ახალი თაობის ისეთი გამოცემები, რომლებზეც მუშაობდნენ მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ცნობილი ქართველი მხატვრები, პერიოდული გამოცემები, აფიშები და უნიკალური პროგრამები.

ოფენბახში რამდენიმე დარბაზი თანამედროვე ქართველ ხელოვანებსაც დაეთმობა, მათ შორის არიან მანანა არაბული, ოთარ მეგრელიძე, დავით მონავარდისაშვილი, სოფიო კინწურაშვილი, დიმიტრი თოფურიძე და სხვები.

საგამოფენი დარბაზში ასევე წარმოდგენილი იქნება ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მომზადებული ფილმი ქართული ანბანის შესახებ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ასეთი მასშტაბური და ამ დონის გამოფენა, რომელიც ქართულ ანაბანს მიეძღვნება, ევროპაში პირველად ეწყობა.