17 ოქტომბერი, 2017

ფერადი და მხიარული ამბავი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

20 და 21 ოქტომბერს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე სათაგვეთში მომხდარი უცნაური, ფერადი და მხიარული ამბავი გათამაშდება.

რეჟისორმა დავით ნიკოლაძემ საპრემიერო სპექტაკლში „თაგუნები და ყველი” მსახიობთა საინტერესო ანსამბლი შეკრიბა – მაია ხორნაულის, კახა გაბელაიას, თამარ მამულაშვილის, ნიკოლოზ კვანტალიანის, მარიამ ხუხუნაიშვილის, რატი ნავაძის, ირინე კუკულაძის მონაწილეობით.

თეთრი და ნაცრისფერი თაგვები ვერაფრით ეგუებიან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას. ორი დაპირისპირებული ოჯახი საერთო ენის გამონახვის ნაცვლად მუდმივად კინკლაობს. მშობლებისგან სრულიად განსხვავდებიან შვილები. ახალი თაობა მეგობრობისთვის და სიყვარულისთვის მსხვერპლის გასაღებადაც კი მზად არის.

თეატრალური პროექტი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა.