31 ოქტომბერი, 2017

სიმონიკა დადიანის მემკვიდრეები საქართველოში ჩამოვიდნენ

31 ოქტომბერს 16 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საფრანგეთსა და აშშ-ში მოღვაწე, ქართველი ემიგრანტი მხატვრის სიმონიკა დადიანის მემკვიდრეებს – მიშელ და ლია ვოდეებს მიიიღებს.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება და მასზე საფრანგეთიდან საგანგებოდ ჩამოსული სტუმრები, მინისტრის მხრიდან მადლობისა და სიმბოლური საჩუქრების მიღების გარდა, საქართველოს სახელმწიფოსათვის სიმონიკა დადიანის შემოქმედების გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2017 წლის 22 სექტემბერს, პარიზში, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფომ, კერძოდ, სქართველოს ხელოვნების სასახლემ, საფრანგეთსა და აშშ-ში მოღვაწე ქართველი ხელოვანის – სიმონიკა (პეტრე) დადიანის უნიკალური კოლექცია მიიღო.

კოლექცია, რომელიც უნიკალურ ფერწერული ტილოებსა და სკულპტურებს აერთიანებს და რომელიც სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო ნიუ-იორკის მონტროსის, სან-ფრანცისკოს ხელოვნების მუზეუმსა და სან-ფრანცისკოს ნახატების გალერეებში ანდერძის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს სიმონიკა დადიანის მემკვიდრეებმა – მიშელ და ლია ვოდეებმა გადასცეს.

მხატვარმა სიცოცხლეშივე გამოთქვა სურვილი, რომ მისი ნამუშევრები ერთ დღეს გადასცემოდა საქართველოს, როდესაც ის დაიბრუნებდა დამოუკიდებლობას, რათა ნამუშევრები გამოფენილი და გაცნობილი ყოფილიყო ქართული საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, 20 აბსტრაქტული და რეალისტური ფერწერული ტილო, 2 სკულპტურასთან ერთად ამიერიდან ხელოვნების სასახლეში იქნება დაცული.

მხატვრის მემკვიდრეობის საქართველოს ხელოვნების სასახლისათვის გადაცემა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა. სამინისტრო ასევე კოორდინირებას უწევდა ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებს.

ეროვნული საგანძურის სამშობლოში დაბრუნება სიმონიკა დადიანის ნათესავის – მია ღვინიაშვილის ინიციატივით განხორციელდა. ტრანსპორტირების, ნიმუშების შეფუთვისა და სათანადო უსაფრთხოების აღჭურვის ხარჯები ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავჯდომარემ არჩილ გელოვანმა უზრუნველყო.

კოლექცია დიპლომატიური ტვირთის სტატუსით საფრანგეთში საქართველოს საელჩომ გამოაგზავნა და პროცესს პატრონაჟს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა.