14 ოქტომბერი, 2017

“საკუთარი ერისგან მწარედ მოკლული, სიძულვილის ენაა ქართული!”

მხატვარი და რეჟისორი მაია კიკაბიძე წუხს, რომ ყველაზე უძველესი და უნიკალური ენა დღეს სიძულვილის ენადაა გადაქცეული:

“ყველაზე ლამაზი დამწერლობა, უძველესი და უნიკალური, საგალობელთა ენა, ულამაზესი სიტყვებით, ერთადერთი ენა ყველა თავისი სიტყვით სიმბოლური შინაარსით, ქართული ენა ჩვენი სულის სამკაული, მარგალიტ ჭია გაჩენილი, თბილი და ტკბილი გაშხამებული, ლამაზი დამახინჯებული, ბგერებით გაავებული, გულის მოსაკლავად სიძულვილის ენად გადაქცეული, ბოროტის ენით მომაკვდინებელი, ყველაზე მეტი გინების გადმომცემი, როდესღაც ღმერთების ენა დღეს ეშმაკად ქცეული, დამახინჯებული, სიტყვა დაკარგული, დაჯღაბნილ დაკაწრული, რბილი სიტყვა გაწვეტიანებული, გაუფასურებული, გაღატაკებული, უცხო სიტყვებისგან დაჟანგებული, უგუნური გონებისგან გაუპატიურებული, ცინიკურ ლაყბად ქცეული, ფორმა დაკარგული, მდიდარი სიტყვები გაძარცვული გაუნათლებლობით, კეთილი ამბების ბოროტად გადმომცემი, გაძუნწებული და გაუმეტებელი, საკუთარი ერისგან მწარედ მოკლული, ალკოჰოლისგან გაბანძებული და ფეისბუქისგან ღორად ქცეული! სიძულვილის ენა – ენაა ქართული!”