30 ოქტომბერი, 2017

როგორ მოხვდა ერმიტაჟში ოკუპირებული რეგიონის უნიკალური ექსპონატები?

ერმიტაჟში აფხაზეთის რეგიონში აღმოჩენილი ექსპონატებია გამოფენილი. ფოტოები ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ გაავრცელა.

“ეხო კავკაზას” ინფორმაციით, ერმიტაჟში გამოფენილი ექსპონატების საინფორმაციო ნიშნულებზე მითითებულია, რომ არტეფაქტები აფხაზეთში ცანდრიფში ხაშუფსეს ციხე-სიმაგრეშია აღმოჩენილი, რომელიც VIII-X საუკუნეებით თარიღდება.

გამოფენილ ექსპონატებს შორისაა ვერცხლის ლანგარი, რომელზეც გოლგოთაა გამოსახული და 518 წლით თარიღდება. ლანგრის მხარეს აღმოსავლეთ რომის იმპერატორის ბეჭედია დარტყმული.

დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს ორი ბიზანტიური ვერცხლის კოვზი შემკული VI საუკუნის მონოგრამებით და I-II საუკუნის მინის ფიალა დასავლეთ რომის იმპერიიდან.

ექსპონატების საინფორმაციო ნიშნულებზე წერია, რომ ექსპონატები კერძო პირებისგან შეიძინეს, რომელთა ვინაობაც არ სახელდება.

უკვე დიდი ხანია აფხაზი მეცნიერები და სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლები ოკუპირებულ რეგიონში არსებულ “შავ არქეოლოგიაზე” საუბრობენ. აფხაზეთში აღმოჩენილი უძველესი ექსპონატები და ღირებული არტეფაქტები მთელ მსოფლიოშია გაფანტული.

“შავი არქეოლოგია” ხელს უწყობს უნიკალური ექსპონატების აფხაზეთიდან გადინებას. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ 2013 წელს სოთბის აუქციონზე მოხვდა გაგრაში, სოფელ აჩმარდაში აღმოჩენილი VI საუკუნის ვერცხლის თასი და 30.000 ევროდ გაიყიდა.