23 ოქტომბერი, 2017

ნიკო ნიკოლაძის მუზეუმი შველას ითხოვს

ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი სოლოლაკში მდებარე პუბლიცისტისა და კრიტიკოსის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს:

“დამირეკეს სოლოლაკში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან, ვერაფერს ვხდებით, არავინაა პატრონი – ჩვენს ქვედა სართულზე უნებართვო გადაკეთება მიმდინარეობს და დაგვეხმარეთო. მემორიალური მნიშვნელობის გარდა შენობა ერთ-ერთი ულამაზესია თბილისში და მნიშვნელოვანია შემორჩენილი ფასადით და ინტერიერის დეტალებით, ბუხრებით…

მივქროლდი.

ამ დიდი მამულიშვილების – ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების, რუსუდან ნიკოლაძისა და მიხეილ პოლიევქტოვის მემორიალური სახლის ქვეშ მართლაც მიმდინარეობს სამუშაო, რომელშიც რესტავრატორი კი არა, კვალიფიციური პირიც ვერ ვნახეთ. ნებართვა ვერ გვაჩვენეს. აქ ჩვეულებრივი რემონტი კეთდება.

დიდი ალბათობით აქ იქნებოდა ღირებული დეტალები – კარ-ფანჯარა, ანტრესოლი და სხვა, რომელიც აღარ ჩანს. გაურკვეველია კონსტრუციების ხარისხიანობაც, თუ რატომ ხდება ასეთი ჩარევა – ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია იმ ნებართვის საფუძველი უნდა ყოფილიყო, რომელიც აქ არ აქვთ.

მივმართავ თბილისის მერიას, კუტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. შეაჩერონ სამუშაოები, გააანალიზონ მომხდარი, თუ რა დანაკლისი განიცადა ინტერიერმა, ხარისხიანია თუ არა კონსტრუქციული ჩარევა და სხვა.

ირღვევა კანონი, ძეგლზე მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც უნებართვოა!

აქ არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ მნიშვნელოვან ძეგლში იაფფასიანი, მრავალსტუმრიანი ჰოსტელი კეთდება, რაც არც თუ თავსებადი იქნება შენობის ისტორიულ-მემორიალურ და მხატვრულ ღირებულებასთან!”