Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ვხედავ, რომ მწარედ მოვტყუვდით”

1 სექტემბერი, 2017

"ვხედავ, რომ მწარედ მოვტყუვდით"მოქანდაკე ირაკლი ჟვანია კულტურის მინისტრს ღია წერილით მიმართავს:

“ღია წერილი უკულტურო ქვეყნის კულტურის მინისტრს მიშა გიორგაძეს.

როგორც ამერიკელები იტყვიან nothing personal – მინდა საჯაროდ მოგწერო შენც მიხეილ გიორგაძე და კახასაც –  კახი კანდელაკი ორი სიტყვა იმასთან დაკავშირებით რაც ხდება ქეთი დოლიძის გარშემო.

უკულტურო ქვეყანა ტყუილად არ ვახსენე, იმიტომ რომ ქართველებს არც საზოგადოებრივი მოქცევის კულტურა გვაქვს და არც ერთმანეთის პატივისცემის, ეს ყველას პრობლემაა და მართლაც გავწამდით უკვე ამისგან მთელი ქვეყანა…..

ჩვენი „კულტურა“ და მისი სამინისტრო ისევეა ჩარჩენილი ссср როგორც ვიყავით, დაწყებული იქედან რომ დღემდე არაა მიღებული კანონი სპონსორობის შესახებ რაც კულტურას რეალურად განავითარებდა და მეორეს მხრივ დღემდე ჩემს ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ის კულტურული პროექტები, რომლებსაც როგორც ეს სუსურუკუში იყო, სახელმწფიფო (სამინისტრო ან მერია) აფინანსებს. ხოლო პროექტების დაფინანსება პირდაპირპროპორციულია მათი ავტორების ხელისუფლების მიმართ ვაზელინგაქანებული კონვულსიური მოძრაობების. ვისაც ჯიბეში ვაზელინი არ უდევს ან შევარდნაძესთან, სააკაშვილთან და ბიძინასთან „პირდაპირი ხოდი“ არა აქვს, ისინი ამ ქვეყანამ გაწირა.

მათ შორის მეც, კაცი რომლის ქანდაკებებითაა მოფენილი საქართველო და უკვე ევროპაშიც დგას, სოფელში ვზივარ და ტურისტებს ღვინოს ვასმევ ჩემი საქმის კეთების მაგივრად, იმიტომ რომ თქვენ ყველამ საშუალება არ მომეცით ამ ქვეყანას ვემსახურო. გაგახსენებ, მიშა, როდესაც შენთან ვიყავი და გთხოვე პატარა თანხა მოგეცა იმისათვის, რომ სოთბის აუქციონზე გამეტანა ჩემი ნამუშევარი, რისი უფლებაც სოტბიმ მომცა, რაც აქამდე არ ყოფილა ქართული ქანდაკების ისტორიაში. რამდენი გთხოვე მოდი ისიც ვთქვათ: მცირე 40000 ლარი, 10 მეტრიანი ქანდაკების დამზადების ფასი….. ისიც გავიხსენოთ როგორ მეუბნებოდი „აბა, სად გვაქვს ამის ფულიო….“

რობი ვილიამსის უკანალის ჩვენებაში სახელმწიფოს ყოველთვის აქვს ფული, ასევე სხვა ერთჯერადი შოუებისთვის, რომელსაც თურმე დიდი შემოსავალი მოაქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს თქვენ გინდათ, მიშა და თუ შემოსავალია პრიორიტეტი, იმ 40000 ლარად გაკეთებული 10 მეტრიანი ქანდაკება იმდენად ძვირად გაიყიდებოდა (ეს ის აუქციონია Beyond Limits Chestwort, საიდანაც ბიძინას აქვს მილიონებად ნაყიდი ყველა ქანდაკება მის კოლექციაში) რომ მაგ ფულსაც დავაბრუნებდი და ერთ 40000-ს კიდევ ბიუჯეტში ფეშ-ცასჰ ად მოვაყოლებდი ზემოდან…. არაო, გვიჭირსო, მითხარი, ისეთი სახით კინაღამ 30 ლარი დავტოვე მდივანთან კულტურის განვითარებისთვის….. მოკლედ რომ ვთქვათ, ვილიამსის სათამაშოდ, სიგუას კრიმინალური ფესტებისთვის სახელმწიფოს ფულიც გაქვთ და სურვილიც, ხოლო ვისაც „არ ეკუთვნის“ იმისთვის არა….

მაგიტომ მივეცით ხმები 2012 წელს ამ პარტიას, რომ სიგუასთვის მილიონები მიეცა ქვეყანას და ქეთი დოლიძე გაეშვათ თეატრიდან…. როგორც რობიკო გაუშვეს მაშინ… კარგია. თან რაც მთავარია, მინისტრი თურმე იმისთვის კი არ უნდა იყო, რომ იბრძოლო კანონების დახვეწისთვის, სპონსორების მოზიდვისთვის და ამ იდიოტური სსრკ სისტემის დანგრევისთვის, არამედ თქვენ ყველამ კაბინეტებში მუდამ უარები უთხრათ ზუსტად იმათ, ვინც ამ ქვეყნის ხერხემალია, ხოლო საღამოს კონცერტზე მიხვიდეთ გაპრანჭულები, რომელსაც შენივე დაფუძნენული კომპანია ატარებს… უკულტურო ქვეყანაა-მეთქი რომ ვამბობ, ამას ვგულისხმობ ზუსტად….

ეხლა რაც შეეხება ქეთი დოლიძეს: მიუხედავად იმისა, რომ ბიძაჩემის ცოლია და ჩემი ოჯახია, მაგიტომ არ ვწერ.

მიუხედავად იმისა, რომ ქეთის, ისევე როგორც ყველა გიჟ ხელოვანს უამრავი მინუსი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოუზომელია, ხანდახან აუტანელიცაა მისი პოლემიკა – ბევრი გყავთ ქეთისნაირი ამ ქვეყანაში?! თავისი ოჯახით, ისტორიით, ნამუშევრებით, მოქალაქეობრივი პოზიციით?! შენ რომ მაგ კაბინეტში ზიხარ, მიშა, იმ ქეთის დამსახურებაცაა 2012 წელს სოფლებში რომ დარბოდა და ოცნებას ეხმარებოდა.

კარგი, მე გამომიშვით სამინისტრომაც და მეგრელმა გენიოსმა თბილისის მერიიდან, იმიტომ რომ ვერ დავდექი პარტიულ ფორუმებზე და ბიძინას „ჰიჰიჰიჰიჰი“ ვერ ვუკეთე, შეიძლება იმიტომაც რომ არც როგორც ხელოვანი ვარ თქვენი პარტიისგან პატივისცემის ღირსი, ყველას გემოვნებას ხომ ვერ მოერგები. ვერ მოგვწდით, ასე ვთქვათ. მაგრამ ქეთი გამოუშვათ მიშას თეატრიდან და დასაჯოთ მხოლოდ იმიტომ, რომ აგრესიული პათეტიკა აქვს ეს რა სპორტია? გაუტარე რა, აპატიე რა! შენც ხომ გაპატია ცხოვრებამ რაღაცეები, მეც, სხვასაც… შედარებითია ყველაფერი, მიშა.

ქეთი დოლიძე ქართული კულტურისთვის ბევრად მეტია, ვიდრე ქეთი დოლიძის აგრესიული გამოსვლები და შეცდომები!

ჩემს მიერ გაკეთებული ქანდაკებებიც ბევრად მეტია ამ ქვეყნისთვის, ვიდრე ჩემი ანტისამთავრობო პოსტები ფეისბუქზე.

ამას უნდა ხვდებოდეთ, ამის მიხვედრაში მოგეცით ჩვენ ხმები 2012 წელს, რასაც ვერ ხვდებოდა სადისტი არქიპო თავისი ბანდით.

ვხედავ, რომ მწარედ მოვტყუვდით.

ბაბელს აქვს ერთი მოთხრობა, ჰქვია „ფროიმ გრაჩი“. ეს ფროიმი ბებერი ოდესელი ებრაელია და ვეჩეკაში მივა. შევა უფროსთან და ეუბნება, „თქვენ იმათ არ ხვრიტავთ ვინც უნდა დახვრიტოთო…“… გაიყვანენ ამ გრაჩსაც და დახვრიტავენ იქვე კედელთან.
დგას ორი ჯალათი, ეწევიან ერთი მეორეს ეკითხება, “რატომ მოვკალითო? ოდესის კოლორიტი იყო ბებერი გრაჩიო…“
მეორე პასუხობს, „იმიტომ რომ ჩვენიანი არ იყო, აი მაგიტომო….“

მე დღეს ფროიმ გრაჩი ვარ თქვენთვის, საზოგადოებრივ ჭრილში.
ნუ გაუკეთებთ იგივეს ქეთი დოლიძეს და ნურც სხვებს, ვინც არ გაქებთ.
ქართული კულტურის კოლორიტებს.

მალე რეჟისორი, მოქანდაკე თუ მუსიკოსი აღარ დაგრჩებათ უკულტურო ქვეყანაში.
კარგად ბრძანდებოდეთ.