Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თელავში მუსიკალური დღესასწაული იწყება

27 სექტემბერი, 2017

თელავში მუსიკალური დღესასწაული იწყება7-15 ოქტომბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

კულტურის სამინისტროში ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის პროგრამების მენეჯერი მაია კოკოჩაშვილი უძღვებოდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, პიანისტი რევაზ თავაძე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, საზეიმოდ, 7 ოქტომბერს გაიხსნება და 15 ოქტომბრამდე გასტანს.

წელს ფესტივალი 6 კონცერტს წარმოადგენს – 5 მათგანი თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება, ხოლო ერთ კონცერტს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს.

წელს ფესტივალი დამფუძნებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, ცნობილი ქართველი მუსიკოსის ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის 55 წლისთავს აღნიშნავს. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, თელავის ფესტივალი თავის წარადგენს სხვადასხვა თაობის ბრწყინვალე პიანისტებს. კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის დაუკრავენ ლუკაშვონ დრაჩეკი – ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2016 წლის კონკურსის გრან-პრის მფლობელი; დანიელ ჩობანუ – 2017 წლის არტურ რუბინშტეინის პიანისტთა კონკურსის II პრემიის ლაურეატი და მაყურებლის სიმპატიის პრიზის მფლობელი; მამიკონ ნახაპეტოვი – მარია იუდინას /2003/ სახელობის, ედვარდ გრიგის /2012/ და სხვა არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი; ბორის ბერეზოვსკი – ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი.

თელავში მუსიკალური დღესასწაული იწყება

ფესტივალზე მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან გამოჩენილი შემსრულებლები გიორგი ქობულაშვილი /ჰობოი/, დმიტრი პროკოფიევი /ჩელო/ და ჯაიუნ ლი /ვიოლინო/, დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, საქართველოს სინფონიეტა და საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.

წელს ფესტივალის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილეც აღინიშნება. 12 ოქტომბერს, თელაველებს და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც კონსერვატორიამ სპეციალურად თელავისთვის შეადგინა. მსმენელის წინაშე წარდგებიან: ირმა გიგანი, გოგონათა სიმებიანი კვარტეტი, იოსებ ჯუღაშვილი, სიმებიანი კვარტეტი, მარიამ ლოლუა, ლიზი ვერხვიაშვილი და თბილისის გოგონათა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით.

კონცერტების პარალელურად, თეატრის ფოიეში მოეწყობა ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის ამსახველი საკონცერტო აფიშების გამოფენა, რომელთა შორის წარმოდგენილია ანასტასია ვირსალაძის კლასის კონცერტის აფიშები, დათარიღებული 1940-1950 წლებით.

წლევანდელი ფესტივალი საკმაოდ დატვირთულია მასტერკლასებითაც. ღია გაკვეთილებს ჩაატარებენ ელისო ვირსალაძე, ხათუნა კოკოჩაშვილი, გიორგი ქობულაშვილი და დანიილ ავსტრიხი. მასტერკლასები გაიმართება თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში და მათზე დასწრება თავისუფალია.

თელავში მუსიკალური დღესასწაული იწყება

ქართველი პიანისტის ელისო ვირსალაძის მიერ, 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.

ფესტივალის წარმომდგენია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
ფესტივალის ორგანიზატორია სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი;

მხარდამჭერები არიან წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, სასტუმროები „შატო მერე“ და “ალაზნის ველი”.

საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი “კულტურა +”, ტელე იმედი, რადიო ერთი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო “იმედი”, საინფორმაციო სააგენტო GHN, სარეკლამო კომპანია “alma – ალმა”, გაზეთი Georgia Today და ტელეკომპანია ARTAREA.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში და ონლაინ გვერდზე www.biletebi.ge

2 ოქტომბრიდან ბილეთები ასევე გაიყიდება თელავის თეატრის სალაროში. აღსანიშნავია, რომ კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, საორგანიზაციო ჯგუფმა ბილეთების ღირებულება 15-დან 35 ლარამდე განსაზღვრა.