27 სექტემბერი, 2017

“სოხუმი ჩვენი მძიმე ჯვარია”

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ქართველისა და აფხაზის საოცარ ისტორიას იხსენებს:

“ვანო პაპასკირი ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც 93-ში სოხუმი დატოვა. თან, 12 წლის აფხაზი დავით გაბისონია წამოიყვანა, ვინც ომში მამა დაკარგა. დედა კი არ ჰყავდა.

სამეგრელოში შეიფარეს. მერე დავითი წლების შემდეგ სოხუმში დაბრუნდა.

იქიდან ვანოს მოსწერა, მე ვერასოდეს ვიბრძოლებ ქართველების წინააღმდეგ და ვილოცებ თქვენთვის და აფხაზებისთვის, რომ მშვიდობიანად ვიცხოვროთო.

ცოტა ხანში დათო დომენტის სახელით, ბერად აღიკვეცა. გაიგო, ვანოს ლოგინად ჩავარდნა. ჩამოაკითხა, ჯვარი უსახსოვრა და უთხრა, ეს სოხუმური ჯვარია, ჩემთან ერთად უნდა ზიდო და ამის გამო, დიდ ხანს იცოცხლოო.

ვანო პაპასკირი აფხაზი ბერის ნაჩუქარი ჯვრით ხელში გარდაიცვალა. მიცვალებული ასევე დაკრძალეს.
მე ვგრძნობ, რა მძიმე ჯვარი ჩაიყოლა ვანო პაპასკირმა, რომელმაც მარტომ მისი ზიდვა ვერ შეძლო.

არ ვიცი, აფხაზმა ბერმა იცის თუ არა მისი გადამრჩენელის გარდაცვალების ამბავი. ალბათ, ისევ მისთვის ლოცულობს, მშვიდობისთვის ლოცულობს.

სოხუმი ჩვენი მძიმე ჯვარია. ჩვენ და აფხაზებმა ერთად უნდა ვზიდოთ, მშვიდობისთვის უნდა ვზიდოთ.

ვანო პაპასკირის ოცნება იყო, აფხაზი ბერისაც.
ეს ჯვარი სხვა არავისია.
ერთხელაც იქნება და აღიმართება.”