28 სექტემბერი, 2017

სალხინოში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

29 სექტემბერს მარტვილში სალხინოს დადიანთა საშემოდგომო სასახლე წელს მესამედ უმაპსპინძლებს კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს „სალხინოს სასახლის კამერატა“.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ინსტრუმენტული ანსამბლები გერმანიიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

ფესტივალი სამდღიანია და ის ტრადიციულად რეზიდენციის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

ფესტივალის მიზანს რეგიონში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა წარმოადგენს.

„სალხინოს სასახლის კამერატა“ ადგილობრივი თვითმმართველობის, ეპარქიისა და მეცენატების ხელშეწყობითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – დირიჟორი შიო აბრახამია, დირექტორი – კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დადიანთა საშემოდგომო სასახლეში პირველ ოქტომბერს საზეიმო გალა-კონცერტით დაიხურება.