24 სექტემბერი, 2017

“რა ვქნათ ჩვენ, რა გზას დავადგეთ?”

კითხულობს მწერალი გურამ ოდიშარია თავის ნაწარმოებში “დევნილთა უღელტეხილი” და პასუხს მკითხველისგან ითხოვს.

“არტ ინფო” ნაწარმოების პატარა, მაგრამ დამაფიქრებელ ეპიზოდს გთავაზობთ:

“დევნილთა უღელტეხილი ყველაზე მაღალი უღელტეხილია დუნიაზე, მამულის უწმინდესი ჰაერით გაჟღენთილი, ყველა ამქვეყნიურ წვრილმანზე და დავიდარაბაზე, ფულზე და ღალატზე, სიბრიყვეზე ზემდგომი უღელტეხილი – გოლგოთა სრულიად საქართველოს ცოდვებს მიეზიდება…

მის შუაგულში დგას მკერდში მომაკვდავშვილჩაკრული ახალგაზრდა მამა და წყევლის, ხმამაღლა წყევლის პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს – გუშინდელებს და დღევანდელებს, ქართველებსა და არაქართველებს, კაცებს, ქალებს…

ჩვენ ყველას, უკლებლივ! ყველას ვინც მიზეზთა და მიზეზთა გამო თავისი წილი თიხა და ღორღი მოიტანა, შექმნა, ააგო, აღმართა, ააბობოქრა ეს უღელტეხილი. მწყევლის მე, რომელიც ამ სტრიქონებს ვწერ ახლა და თქვენც, ღრმადპატივცემულო, რომელიც ამ სიტყვებს კითხულობთ.

რა ვქნათ ჩვენ, რა გზას დავადგეთ, რით ვუშველოთ მომაკვდავ ბავშვებს, რომლის წინაშე მთელი ქვეყნიერება, მთელი ამერ-იმერი საქართველო, ყოველი ჩვენთაგანი დამნაშავეა?!”