27 სექტემბერი, 2017

“მოდით ჩვენს ღონისძიებაზე, რომ მართალი ვიყოთ ერის მომავლისა და საკუთარი თავის წინაშე”

აცხადებს რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელი, მწერალი დავით შემოქმედელი:

“რეალობა ასეთია, დადიხარ შენი სამშობლოს დედაქალაქის ქუჩებში და თავი უცხო ქვეყანაში გგონია. ყველგან არაქართულ ენაზე აჭრელებული მაღაზიები, ვიტრინები, კაფეები, აბრები, ბილბორდები. ამ მოკლე დროში ზედიზედ ორჯერ მომიწია საზღვარგარეთ ყოფნა (ისრაელი, თურქეთი) და არსად ჩვენი მსგავსი მონურ-სნობური დამოკიდებულება უცხო ქვეყნის ენისადმი არ ყოფილა.

როცა წლების განმავლობაში ქართველი ენათმეცნიერებისა და ჩვენი საზოგადოების ბრძოლის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ორი წლის წინ სახელმწიფო ენის კანონი მიიღო, სიხარულისაგან ცას ვეწიეთ. ჩვენმა ზედმეტად პოლიტიზებულმა მასობრივმა ტელე და ბეჭდურმა საინფორმაციო საშუალებებმა ამ დიდ მოვლენას სრული დუმილით უპასუხეს. პარლამენტის მიერ მიღებული ,,სახელმწიფო ენის კანონით” გათვალისწინებული იყო;

1. წინა ხელისუფლების მიერ გაუქმებული სახელმწიფო ენის პალატის ნაცვლად სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნა, რომელსაც დაევალებოდა სახელმწიფო ენის უფლებების დაცვა;

2. საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც უმცირესობაში არის ქართული მოსახლეობა, საჯარო მოხელისათვის აუცილებელი უნდა გამხდარიყო ქართული ენის ცოდნა;

3. კანონი ითვალისწინებდა ყველა იმ უცხოურწარწერიანი ბილბორდის, აბრისა თუ რეკლამის დემონტაჟს, რომელიც პარალელურად ქართულენოვანი არ იქნებოდა.

საპარლამენტო სახელმწიფოში პარლამენტის მიერ მიღებული კანონით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა, რაც სრული ნონსენსია.

გუშინ სოციალურ ქსელში რუსთაველის საზოგადოების სახელით ჩვენი დამცრობილი ენის ადგილზე დამოუკიდებელ საქართველოში სამსჯელოდ ვიწვევდი საზოგადოებას, რომ ხელისუფლებისათვის მოგვეთხოვა მის მიერვე მიღებული კანონის ამოქმედება და მხოლოდ 25 კაცი გამოგვეხმაურა, მაშინ როცა ჩემი ფოტო ხუთასამდე კაცს აქვს მოწონებული. თუ ქართველი საზოგადოება საკუთარი ქვეყნის ბედის მიმართ სულიერად ასეთი პასიური იქნება, მაშინ მოსალოდნელი გაცილებით უფრო ცუდი შედეგებიც არ უნდა გაგვიკვირდეს.

ჩვენი გუშინდელი განცხადება კი შემდეგი შინაარსისა იყო:

28 სექტემბერს, ხუთშაბათს, 18 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქუჩა N13) გაიმართება დისკუსია თემაზე: სახელმწიფო ენის ადგილი დამოუკიდებელ საქართველოში.
შესავალი სიტყვა: დავით შემოქმედელი

მომხსენებელი:
1.სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ენობრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული.
2.სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი.
მოწვეული არიან: ქართული მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მოღვაწენი, ხელისუფლების წარმომადგენლები.

მოდით ხვალ ჩვენ მიერ დაანონსებულ ღონისძიებაზე, რომ მართალი ვიყოთ ერის მომავლისა და საკუთარი თავის წინაშე.”