12 სექტემბერი, 2017

მოაზროვნე დავით ჩარგაზია გარდაიცვალა

ინტელექტუალური კლუბის თამაშის “რა? სად? როდის?” მოთამაშე დავით ჩარგაზია გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას მისი კოლეგა ბაჩანა შენგელია ავრცელებს:

“დიდი ადამიანი დააკლდა ზუგდიდს დავით ჩარგაზიას სახით. ინტელექტუალი, “რა? სად? როდის?” სატელევიზიო თამაშის გამორჩეული, არაორდინალური მოთამაშე, თავისი ქვეყნის და ქალაქის უსაზღვროდ მოყვარული, საოცრად განათლებული ადამიანი და უბრალოდ კარგი მეგობარი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ გავიცანი ზუგდიდში, ყველასგან განსხვავებული იყო, თითქოს დიდი ბავშვი იყო, რომელშიც უდიდეს ინტელექტთან ერთად, ბავშვური გულუბყვილობა და სიალალე იყო გაერთიანებული.

შემდეგ იყო მისი ტრიუმფალური თამაშები, გამორჩეულად მახსოვს 2008 წლის სეზონი, როდესაც მის მიერ აღებული გადამწყვეტი კითხვით, პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ ზუგდიდის გუნდის სახელით. შემდეგ, ცოტა მოგვიანებით მან თამაშს თავი დაანება, თქვა 50 წლის გავხდი და არ მიხდება უკვეო…

ვერ წარმომიდგენია დღეს როგორ უნდა მივიდე მის სამძიმარზე და ბედნიერი სახით არ მითხრას როგორ ხარ, კაპიტანო! არ მომიყვეს რამე ძველი ისტორია, თუნდაც უკვე არაერთხელ მოყოლილი, არ მოიკითხოს ჩვენი გუნდის წევრები, არ მიმოიხილოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, არ გააკეთოს თავისი უბადლო შედარებები და გონებამახვილური, მწარე ქარაგმებით არ შეამკოს მავანნი.

ჩემთვის ძალიან გამორჩეული ადამიანი იყო, უამრავი ისტორია მაკავშირებს, უამრავი მოგონება, რაღაც თითქოს ძალიან დიდი მომწყდა და წავიდა ამ ქვეყნიდან… მშვიდობით, ჩემო უფროსო მეგობარო, მსუბუქი იყო შენთვის უსაყვარლესი ქვეყნის მიწა…”