Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მხიარული წარმოდგენა პატარებისთვის

20 სექტემბერი, 2017

მხიარული წარმოდგენა პატარებისთვის29 და 30 სექტემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში პრემიერაა.

სპექტაკლს „თაგვები და ყველი“ რეჟისორი დავით ნიკოლაძე დგამს. თავდაპირველად მაყურებლისთვის რუსულენოვანი ვერსია იქნება წარმოდგენილი, მოგვიანებით კი ამავე სპექტაკლს მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახალი შემადგენლობით ქართულ ენაზე წარადგენს.

ახალი სპექტაკლის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებზე ნინო ჩიტაიშვილმა იმუშავა, ქორეოგრაფი გია მარღანიაა, მუსიკალური გამფორმებელი კი ალექსანდრა ლორთქიფანიძე.

სპექტაკლში გადმოცემულია უცნაური ამბავი წრუწუნების ცხოვრებიდან. სათაგვეთში დიდი ორომტრიალია – თეთრი და ნაცრისფერი თაგვები ვერაფრით ეგუებიან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას. ორი დაპირისპირებული ოჯახი საერთო ენის გამონახვის ნაცვლად, მუდმივად კინკლაობს. მშობლებისგან განსხვავებით, შვილები სიყვარულის გამო მსხვერპლის გასაღებადაც კი მზად არიან. ყველასათვის კარგად ნაცნობი „რომეოსა და ჯულიეტას“ ამბავი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე სრულიად სხვაგვარად განვითარდება.

29 სექტემბერს 19:00 საათზე, 30 სექტემბერს 13:00 საათზე თეატრში მისულ მაყურებელს ელოდება ზღაპარი თაგვებზე, რომლებსაც ყველი უყვართ, იდუმალებით მოცულ ჯადოქარ კატაზე, შვილებზე, რომლებიც მშობლებს ეურჩებიან და მშობლებზე, რომლებსაც შვილების არ ესმით.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში კიდევ ერთი ახალი სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.