8 სექტემბერი, 2017

მიხედეთ მაჩუბებს!

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სვანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. მისთვის თითოეული კოშკი განსაკუთრებით ძვირფასია. ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების წინ აშენებული მაჩუბების მძიმე მდგომარეობა რეჟისორს ძალიან აწუხებს და მათ სავალალო მდგომარეობას ფართო საზოგადოებას აცნობს:

“უშგულის შუკებში დავიარები, ერთი ძველი “მაჩუბი”მიყურებს, მეჩვენება რომ თვალებში მიყურებს. კი არ მეჩვენება, ნამდვილად თვალებში მიყურებს. ალბათ მერვე საუკუნის იქნება. წაქცევა უნდა, მაგრამ ხელს ორი მორი უშლის, რომლებიც მის გამაგრებას ცდილობენ.
ეს მაჩუბი სხვას არ ჰგავს, ლამაზია, დაბზარული, ნაოჭებიანი, მუქი, ყორნისფერი ქვით აშენებული, თავზეც ლამაზი გვირგვინი ახურავს, ყველასგან განსხავებული.
მენანება…
მრცხვენია და თვალს ვერ ვუსწორებ…
მერე სხვაგან გავიხედავ…
თვალში სხვა კოშკი მხვდება, ისიც გაბზარული, მაგრამ, ის მისთვის დგას მორიდებულად, მთვრალი კაცივით. თითქოს ეშინია ჩემსკენ გამოხედვის, უცაბედად რომ არ წაიქცეს…
არავის აწუხებს. არავის აშინებს…
ალბათ ისიც ჩუმად დაინგრევა, ისიც ხმის ამოუღებლად, როგორც ის ტყუპისცალი კოშკი…
მერე აბობოქრდება ბრბო..
იმედი მოეცემათ კოშკებს..
მერე ყველა სახლი წავა…
მერე ყველა გათბება…
მერე თოვლი მოვა…
შესცივდებათ კოშკებს…
თოვლით, ყინვით და ყინულით ამოევსებათ დაბზარული ნაწილები…
მერე უფრო შესცივდებათ, დაწყევლიან ზამთარს…
შეზიზღდებათ უშგული…
უშგული, სადაც თორმეტი საუკუნე იცხოვრეს…
მერე მოუნდებათ წასვლა…
მოუნდებათ გაქცევა…
მაგრამ, ვერ ეყოფათ ძალა…
დღეს, განთიადზე ჯერ კოშკებს შევხედე, ჩემი სახლიდან ყველა შევათვალიერე…
ვფიქრობდი, ნეტა რატომ მოიწყინეს ამ აისზე კოშკებმა?
მერე შხარას შევხედე, მერე მთებს…
წუხელის, მთის ფერდობებზე ჩამოუთოვია…”