8 სექტემბერი, 2017

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს საჯარო მსვლელობა გაიმართება

პროექტი „… დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ წელს უკვე მეოთხედ განხორციელდება. იგი ყოველ წელს 12 სექტემბერს იმართება და ეძღვნება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს. მისი აღნიშვნა 2014 წლიდან დაიწყო საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ინიციატივით და ორგანიზებით.

მისი ფორმატი ყოველ წელს განსხვავებულია, უცვლელი ნაწილია მხოლოდ საჯარო მსვლელობა სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე, იმ გზით, რა გზითაც 1907 წელს უკანასკნელ გზაზე გააცილა ილიას ცხედარი – ეს სიმბოლური ჟესტი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დამკვიდრებას ემსახურება და მუდმივ ხსოვნას იმ  პიროვნებისადმი, რომელმაც საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესები ანაცვალა და საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში გამორჩეული წვლილი შეიტანა.

წლევანდელი ღონისძიება დაიწყება 13 საათზე სიონის ტაძრის ეზოში და შედგება პროექტის ოფიციალური გახსნა. საზოგადოებრივი და სალიტერატურო სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა საზოგადოებასთან.

14:00 საათზე დაიწყება მსვლელობა სიონის ტაძრიდან  და პროცესია ფეხით გაემართება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისაკენ;

15:00-ზე შედგება ლიტერატურული კომპოზიცია მთაწმინდის პანთეონში, ქართული თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობების შესრულებით.

16:30-ზე ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიხსნება გამოფენა „ილია ხელოვნებაში“, სადაც წარმოდგენილი იქნება სახვითი ხელოვნების არტისტების მიერ შექმნილი უახლესი სკულპტურები, ფიგურატიული ქანდაკებები, ფერწერა და ხატწერის ნიმუშები.

18:30-ზე კი საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ღია სცენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი დრამატურგიული ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტკლი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ – „საუკუნის მკვლელობა“, რომლის რეჟისორიც გიორგი სავანელია.

ღონისძიების ყველა ეტაპზე, მსურველთათვის დასწრება თავისუფალი იქნება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, ტელეკომპანია „ერთსულოვნება“, ტელეკომპანია „იბერია“, „itv.ge“, „პრესა.გე“, „დრონი.გე“, „ამბები.გე“

სოციალური ნაწილის მხარდამჭერები: კომპანია „არგო“, „ლიდერი XXI“ ;

პროექტის მიზანია საზოგადოებაში ეტაპობრივად ილია ჭავჭავაძის ფიგურის მეტი პოპულარიზაცია, მისი დანატოვარის პოლიტკონიუნქტურის გარეშე გადააზრების ხელშეწყობა და ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობეირების ამაღლების სტიმულირება.