21 სექტემბერი, 2017

“გაჩეხეს ეს წალკოტი”

“არტინფო” უკვე წერდა, რომ ანჩისხატის ეკლესიის ეზოში სასანთლის მშენებლობა დაიწყო.

ქეთევან ახობაძე კი უძველესი ტაძრის ეზოს ფოტოებს ავრცელებს და გაჩეხილი ვაზზე წუხს:

“მეტირება… ისეთი ლამაზი ვაზი იდგა ანჩისხატის ეზოს კუთხეში, ეზოს წყაროსთან… სამოთხე… იმოდენაზე იყო გაზრდილი და მთელ კუთხეს მოიცავდა…

გაბრიაძის კოშკიდან მაქეთ რომ გამოვივლიდი, ულამაზესად და მწვანედ ხასხასებდა ეკლესიის ეზო… სტუმრებს მანდვე ვუყვებოდი ქართული ვაზის ისტორიასაც… ის, რომ ეკლესია და მეღვინეობა ისტორიულად განუყოფელია ამ ქვეყანაში… ბერები და ქვევრის ღვინო… ათასი საოცარი ისტორია…

ზოგს ვაზი, როგორც მცენარე, საერთოდ არ ენახა მანამდე ცხოვრებაში და მანდ ხედავდა პირველად… რამდენი აღტაცებული მზერა მინახავს ამის გამო…

გაჩეხეს ამ უღმერთო ანაფორიანებმა ეს წალკოტი და გარაჟივით მაღაზია ჩადგეს… მიაშენეს… მიაბლაგვეს… სავაჭრო ადგილი არ ეყოთ ეკლესიაში… როგორ სულ უფრო და უფრო სცილდებით უფალს და თქვენივე ანაფორების ფერია თქვენი გონებაც… ჯანდაბამდე გზა გქონიათ… იმას იქეთაც… აღარაფერი დაგრჩენიათ წმინდა და სანუკვარი…”