16 სექტემბერი, 2017

ელენე ახვლედიანის მონაგარი ისევ განსაცდელშია

ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის მონაგარი კვლავ განსაცდელშია.

ცნობილი მხატვრის შთამომავალს იკა ახვლედიანს, მის 77 წლის დედას, მეუღლეს და 4 მცირეწლოვან შვილს ქუჩაში დარჩენა ემუქრება.

იკა ახვლედიანი:

“SOS..

მოგესალმებით ყველას. გახსოვთ ალბათ, ჩემი სახლის და ,,მევახშეების” ისტორია. ისტორია, სადაც უძრავი ქონების შემსყიდველი, გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, გვთხოვდა უკან, დაგროვილ ვალს, რომელიც ჩემს ინვალიდის სავრძელში მყოფ ნათესავს მოხმარდა, თუმცა ამ ვალის ლომის წილი მაინც ჯარიმებმა შეადგინა. გადაუხდელობის შემთხვევაში, მიჰქონდათ ჩემი და ჩემი ოჯახის სახლი. (მათთვის ვინც, არ იცის ეს ისტორია).

პირველ რიგში, მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა, დახმარებისათვის, იმ გაჭირვების დროს. უამრავი ნაცნობი, თუ უცნობი ადამიანების მხრიდან ვიგრძენით ძალიან დიდი მხარდაჭერა, მორალური თუ ფინანსური. მადლობა დიდი იმ ხელოვან ხალხს, ვინც უსასყიდლოდ გადმოგვცა თავიანთი ნამუშევრები გამოფენა-აუქციონისათვის, რომელსაც თიბისი ბანკმა გაუკეთა ორგანიზაცია. შედეგად, შეგროვდა გარკვეული თანხა, რომელიც ჩვენ იმედი გვქონდა ამ ძნელბედობის დროს წინ წაიგდებდა ჩვენ საქმეს და მთლიანი თანხის რაღაც ნაწილს გაუსტუმრებდა ჩვენს მევალეებს.

უკვე დაწყნარებულები ვიყავით, რომ გადახდის საწყის ეტაპზე ეს თანხა გაგვიადვილებდა მე და ჩემს ოთხ შვილს სახლის შენარჩუნებას. დარჩენილ ნაწილსაც, ეტაპობრივად დავფარავდით. სამწუხაროდ, ჩვენდა განსაცვიფრებლად ,,მევახშეები“ შეგროვებულ თანხას ხელს არ კიდებენ და ითხოვენ სრულ 60 000$-ს.

როგორც გახსოვთ, ჩვენ უსასყიდლოდ გადავეცით ხელისუფლებას ელენე ახვლედიანის სახლი და უამრავი შედევრი-ნახატი, რომელთა ფასიც (თითოეულის) ასეულ ათასობით დოლარში არის შეფასებული და ამ ნახატთა რიცხვი არის 3600 ერთეული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილზე პრეტენზია არასდროს გამოგვიცხადებია, თუმცა ერთი ტილოს ფასიც გაგვისტუმრებდა ვალს.

მთავრობის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვიგრძვნია. შეიძლება ვინმესთვის ამ ისტორიის კიდევ ერთხელ გახმაურება მომაბეზრებელიც იყოს, ჩვენთვის კი ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. უამრავი გულშემატკივრის დახმარებით შეგროვდა თანხა, არც თუ ისე ცოტა, რომელსაც შეგნებულად არ გვართმევენ… და უკვე თვის ბოლოს, გვემუქრებიან გასახლებით.

შექმნილ სიტუაციაში, აღარც ვიცით რა ვქნათ. დრო კი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. გვინდა მივაწვდინოთ ხმა დღევანდელ მთავრობას. ბოლოს და ბოლოს, იქნებ გამოგვეხმაურონ ის პირები, რომელთაც შეუძლიათ და ევალებათ კიდეც, გააჟღერონ თავიანთი აზრი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. უკვე ჩიხში ვართ და აღარც ვიცით რა გზას მივმართოთ. იქნებ, რომელიმე ფინანსურმა ორგანიზაციამ, ითავოს და გადაიფორმოს ჩვენი სახლი, ჩვენ კი წინასწარ გაწერილი გრაფიკით, გარკვეული წლების განმავლობაში (კონტრაქტით), საშუალება მოგვცეს პირნათლად დავფაროთ არსებული ვალი. ეს არის გამოსავალის ერთ-ერთი ვარიანტი ჩვენი გადმოსახედიდან.

გთხოვთ ყველას… გამოგვეხმაურეთ და მოგვაწოდეთ თქვენი აზრი და რჩევები, არსებული ვითარების გარშემო. ფინალისათვის მინდა ყველას ვუთხრა, რომ იძულებულები ვართ გამოვიყენოთ ყველა გზა იმისათვის, რომ ჩემი ოჯახი – 77 წლის დედა, ჩემი მეუღლე და ჩემი ოთხი მცირეწლოვანი შვილი არ დარჩეს ქუჩაში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

წინასწარ დიდი მადლობა და ბოდიში ამ დიდი წერილისათვის.”