“ასეთმა ადამიანებმა გადაარჩინეს საქართველო”

"ასეთმა ადამიანებმა გადაარჩინეს საქართველო"6 სექტემბერი ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეა – ქართული გალობის გადამრჩენლების, ქართული მუსიკისა და ხელოვნების მფარველების, ეკლესიის ავტოკეფალიისა და გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლების, მოღვაწეობით გამორჩეული ადამიანების – მღვდელმოწამეების პეტრესი და ანდრიასი და აღმსარებლების – ეპისკოპოს სტეფანესი და მღვდლების პოლიევქტოსისა და ფილიმონის.

წმინდანებად შერაცხულ ძმებს სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი იხსენებს:

“გილოცავთ და მათ მფარველობასა და ლოცვას გისურვებთ ყველას.

ასეთმა ადამიანებმა გადაარჩინეს საქართველო. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას – წმიდა ილია მართლის მეთაურობით, ასეთმა ადამიანებმა შექმნეს საქართველო მაშინ, როდესაც ის ფაქტობრივად აღარ არსებობდა. მწარე ბედი აქვს ჩვენს ქვეყანას – აგერ, რამდენი საუკუნეა, არსებობა-არარსებობის ზღვარზეა საქართველო – მტრებისაგან და რაც უფრო საშინელია, ჩვენივე სიზარმაცის, უგუნურების, თვითგანადგურების იმპულსების გამო.

შეგვაძლებინოს უფალმა ვიაროთ იმ საქმეებით, რაც გაახარებთ ილია ჭავჭავაძესა და კარბელაშვილებს, ფილიმონ ქორიძეს, დიმიტრი ყიფიანს, ნიკო ნიკოლაძეს, ვაჟას და სხვებს.

და ეს რა საქმეებია? – ეროვნული კულტურის დაცვა, მისი განვითარება დასავლურ ცივილიზაციასთან და კულტურასთან ზიარების გზით, განათლება, შრომა, განსხვავებულთა მიმართ ტოლერანტობა, საერთო ეროვნული სოლიდარობა.

გილოცავთ ამ დღესასწაულს წმიდა სტეფანეს მიერ შემონახული ამ საოცარი საგალობლით.”