25 სექტემბერი, 2017

26 სექტემბერს ცისანა ტატიშვილს ოპერის თეატრიდან გააცილებენ

რუსთაველისა და ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, სახალხო არტისტი, გამოჩენილი ქართველი სოპრანო ცისანა ტატიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცისანა ტატიშვილს 26 სექტემბერს ოპერის თეატრიდან გააცილებენ.

ცისანა ტატიშვილი 38 წელი იყო ზაქარია ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის პრიმადონა.

სხვადასხვა დროს, ცისანა ტატიშვილი მღეროდა, მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგში მარიას თეატრის, ბერლინის „დოიჩე“ და კომიშე“ ოპერების სცენებზე, ასევე ევროპის სხვა მნიშვნელოვან თეატრებში.

ქართველ საოპერო დივას, ქართულ, იტალიურ და რუსულ ოპერებში შესრულებული აქვს როგორც სოპრანოს, ისე მეცო-სოპრანოს წამყვანი პარტიები.

ლეგენდარულმა სოპრანომ ტრიუმფალური გამოსვლებით აღიარება მოუტანა ქართულ საოპერო ხელოვნებას.

ცისანა ტატიშვილს მიიჩნევენ რიხარდ შტრაუსის “სალომე”-ს ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელად, რისთვისაც მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში შევიდა საუკეთესო სამეულში, მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად.

ქართველ სოპრანოს ყველა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული.

ცისანა ტატიშვილის სახელობის ვარსკვლავი თბილისის ოპერის წინ 2010 წელს გაიხსნა.

ლეგენდარულ პრიმადონას საზოგადოება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრიდან სამშაბათს, 26 სექტემბერს, 15:00 საათზე გააცილებს, მას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.