4 სექტემბერი, 2017

მიშელ სონის მასტერკლასები ახალგაზრდა პიანისტებისთვის

ცნობილი ფრანგი მუსიკოსი, რევოლუციური საფორტეპიანო მეთოდოლოგი და ფილოსოფოსი მიშელ სონი 5 და 6 სექტემბერს 10 საათიდან 14 საათამდე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში მასტერკლასებს ჩაატარებს.

მიშელ სონი საქართველოში ელისო ბოლქვაძის მოწვევით ჩამოვიდა და ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ქართველ ახალგაზრდა პიანისტებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებს.

მიშელ სონის მეთოდოლოგია დაფუძნებულია განვითარების ორ ძირითად მიმართულებაზე. მისი დიდაქტიკური ნაწამოებები – პროლეგომენები, რომლებიც მცირე ფორმის სავარჯიშოებს წარმოადგენს ეფექტურად ანვითარებს ფრაზის და ბგერის აღქმას, გააზრებას და მის რეალიზებას ინსტრუმენტზე. ციკლი წარმოადგენს პროგრესული დინამიკით დაახლოებით 600-მდე მუსიკალურ სავარჯიშოს.

მეორე ძირითადი მიმართულება არის სავარჯიშო ეტიუდები, სადაც ყოველი ტექნიკური ბარიერი გათვლილია და დაჩქარებული ტემპით იძლევა საშუალებას თავისუფლებაში მოიყვანოს ხელის აპარატი.
საფორტეპიანო ტექნიკის დასაუფლებლად, მიშელ სონის მეთოდოლოგია აძლევს საშუალებას მცირე ასაკიდანვე დაძლიონ მათი დონისთვის მიუწვდომელი სიძნელის ნაწარმოებები, რაც სრულიად განსაკუთრებულ შედეგს იძლევა.

მასტერკლასებში მონაწილეობას მიიღებენ ბარბარე ჩხაიძე, ბარბარე თათარაძე, ილია ლომთათიძე, ეკა ნიკოლაძე, ანაჰიტ სტელმაშოვა, გიორგი წიკლაური, ელენე ჩიქოვანი, თათია მგალობლიშვილი და ნესტან ჩალაური.

მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალია, მსურველებს შეუძლიათ ბათუმის სამუსიკო სკოლის დარბაზში მიბრძანდნენ.