11 სექტემბერი, 2017

“ეს უკვე ის ზღვარია, როდესაც ხმა უნდა ამოვიღო”

რეჟისორი ქეთი დოლიძე ღია წერილით საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და კინომსახიობთა თეატრში არსებულ ვითარებას აცნობს:

“ეს ბოლო წერილია, რომლითაც მოგმართავთ თქვენ, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი ღირსება, ჩემი ოჯახის პატივი, ჩემი ბიოგრაფია შელახულია და სრულიად არ ვაპირებ ამ შეურაცხყოფის ატანას.

მე მესმის თქვენი უხერხული მდგომარეობისა, როდესაც იძულებული ხართ დაიცვათ თქვენი მინისტრი, რათა მთელ კაბინეტს სახე შეუნარჩუნოთ!

გუშინ, კვირას, 10 სექტემბერს, თქვენმა “რჩეულმა” კულტურის მინისტრმა ჩემი თეატრიდან გამომიშვა!
დიახ, ჩემი თეატრიდან, რადგან ეს თეატრი ჩემი სახლია და მის შექმნაში ჩემი გენიალური პედაგოგისთვის ლომის წილი მიმიძღვის!

ამპარტავანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეს უკვე ის ზღვარია, როდესაც მე ხმა უნდა ამოვიღო და გკითხოთ: რატომ?!
რატომ შეიძლება ასე იქცეოდეს თქვენი მინისტრი, რომელიც მხოლოდ ერთხელ ვნახეთ ჩვენს თეატრში?
როგორ მოხდა, რომ თეატრის დამფუძნებელი, მე, რომელსაც ჩვენი შიდა განაწესით, თითი არ უნდა შემხებოდა, თეატრს მიღმა აღმოვჩნდი თეატრის წევრთა უმრავლესობის საწინააღმდეგოდ?

ვინ მისცა მინისტრს ასე გაუმჭვირვალედ, შეფარულად, შეთქმულებით მოეხდინა ჩემი “დასჯა”, დიახ, დიახ, დასჯა, რადგან ამ უკიდეგანო, პიროვნულ ბრძოლას ჩემთან საზღვარი აღარ ჰქონდა!!!!

არგუმენტებს, შეთითხნილ ბრალდებებს ბოლო არ უჩანს. გუშინ თეატრის საერთო კრებაზე წარდგენილი კანდიდატი, ბატონი გიორგი სიხარულიძე, რომელიც ნაციონალების სიით მშვენივრად მოღვაწეობდა ქუთაისის საკრებულოში, შეფარვით, ჩვენგან დამალულად აგროვებდა ხელმოწერებს და ყველას არწმუნებდა, ქეთი დოლიძე უკვე მოხსნილია, ამიტომ მე მომიწერეთ ხელიო?!?!
რატომ ვერ იპოვა თეატრში მისთვის საკმარისი მომხრეები?

რატომ დაინიშნა სრულიად გაუმჭვირვალე, ფარული კენჭისყრით და გასაიდუმლოებული ხერხით ერთპიროვნულად მინისტრის მიერ?
რა დამსახურება აქვს ასეთი?
რა შეუქმნია თავის ცხოვრების მანძილზე ისეთი, რომ მისი პერსონით მოხდა ჩემი ჩანაცვლება?
რატომ უმალავდნენ დასის უმრავლესობას მის მოყვანას?
რატომ ხდებოდა ეს დასის შვებულებაში ყოფნის დროს?!

ეს რა, კულტურის მინისტრის ახალი, დამკვიდრებული მეთოდია, რომელიც ერთი ერთში იმეორებს იმას, რაც რურუამ ჩაიდინა?
რამდენიმე წლის წინ, ზუსტად იმავე რიცხვში, აგვისტოში!!! 30 აგვისტოს!
სადმე გაგიგიათ, სამხატვრო ხელმძღვანელის მოხსნის მიზეზი, გახმოვანებული სამინისტროს ჩინოვნიკების მიერ იყოს ის, რომ მე ვაკრიტიკებ მინისტრს და ეს დაუშვებელია?!?!?!

როგორ ხდება ეს?
როგორ აღმოვჩნდი მე თეატრის მიღმა, ქუჩაში?!
ეს როგორ გამიბედეს, დიახ, როგორ გამიბედეს?
ამ თეატრის ყველა წარმატებული გასტროლის ავტორს, მის ასეთ თავგადაკლულ წევრს!
ვისი თხოვნა-მუდარით დაიდგა თუმანიშვილის ძეგლი – შედევრი, ვინ იზრუნა ყველა იმ გამოცემაზე, სამტომეულებზე, ომის დღიურებზე, სახელმძღვანელოებზე, მისი სახელობის გრანდიოზულ ფესტივალზე, რომელიც თქვენი მინისტრის ერთ-ერთი სამიზნეა?! (გადახედეთ მის შაგრენის ტყავივით განლეულ ბიუჯეტს!)

როგორ ბედავს თქვენი მინისტრი, რომ რაღაც მოგონილ, შეთითხნილ ბრალდებებს აფრიალებს და ვერაფერსაც ვერ ამტკიცებს!
რატომ ვერ გაუძლო გუშინ თეატრის უმრავლესობის წნეხს და გაიქცა?!

ბ-ნო პრემიერო,
ჩემი ღირსება შელახულია!
ამაზე პასუხი მჭირდება მეც და სხვასაც!

მე, წარმატებული ხელმძღვანელი ვიყავი და ვერასდროს ავიტან დამცირებას ადამიანისგან, რომელიც ყველა ჩვეთაგანისათვის გაურკვეველი მიზეზებით იკავებს პოსტს მინისტრისა, რომელიც უპირველესად პატიოსნებას და მიუკერძოებლობას, გემოვნებასა და სინდისს უნდა გამოხატავდეს!

ველი თქვენს პასუხს და იმედია, ეს წერილი უპასუხოდ არ დარჩება!”