Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საქართველო უნიკალურ კოლექციას მიიღებს

26 სექტემბერი, 2017

საქართველო უნიკალურ კოლექციას მიიღებსმრავალთვიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პარიზში, საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკატერინე სირაძე-დელონეს თანდასწრებით ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ძალითაც საქართველო უნიკალურ კოლექციას მიიღებს.

ექსპონატები სამშობლოს ქართველი ემიგრანტების შთამომავლობამ მიხეილ და ლია ვოდეებმა გადასცეს. „ეს იყო აწ განსვენებული მხატვრის უკანასკნელი ოცნება“ – სთქვა მიხეილ ვოდემ და ცრემლები წამოუვიდა. საუბარია, ცნობილი ქართველი მხატვრის სიმონ დადიანის მემკვიდრეობაზე, რომელსაც სამშობლოში კარგად არ იცნობენ, არადა მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ნიუ-იორკის მონტირისის და სან-ფრანცისკოს ნახატების გალერეებში, ასევე სან-ფრანცისკოს ხელოვნების მუზეუმში.

განსაკუთრებული აღიარება ხვდა მის აბსტრაქტულ ქანდაკებას „შავი ტორსი“, რისთვისაც მხატვარმა საგანგებო პრემია დაიმსახურა.

„მჩუქებლები არიან მფლობელები ფერწერული ტილოებისა და ქანდაკებების, ნამუშევრებისა სიმონ დადიანის, რომელმაც თავის სიცოცხლეშივე, გამოთქვა სურვილი, რომ მისი ნამუშევრები ერთ დღეს გადაცემული ყოფილიყო საქართველოსთვის, როდესაც ის დაიბრუნებდა დამოუკიდებლობას, რათა ნამუშევრები გამოფენილ და გაცნობილ ყოფილიყო ქართული საზოგადოების მიერ,“ – ნათქვამია შეთანხმებაში, რომელსაც ქართული მხრიდან ხელს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია აწერს.

საქართველო უნიკალურ კოლექციას მიიღებს

23 უნიკალური ფერწერული ტილო და 2 ქანდაკება საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბინას ხელოვნების სასახლეში დაიდებს.

ძვირფასი საგანძურის სამშობლოში დაბრუნება სიმონ დადიანის შთამომავლის მია ღვინიაშვილის ინიციატივა იყო, რომელმაც ამ საკითხზე რამდენიმე წელიწადი იმუშავა და პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

სამუზეუმო კოლექციის ტრანსპორტირება და ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს და ფონდ „ფიროსმანის“ თავმჯდომარემ, არჩილ გელოვანმა დააფინანსა, მანვე უზრუნველყო ხელოვნების ნიმუშების შეფუთვის და სათანადო უსაფრთხოებით აღჭურვის ხარჯები.

საქართველო უნიკალურ კოლექციას მიიღებს

კოლექცია დიპლომატიური ტვირთის სტატუსით საფრანგეთში საქართველოს საელჩომ გამოგზავნა და პროცესს პატრონაჟს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს.

საქართველო უნიკალურ კოლექციას მიიღებს

სიმონ დადიანის მემკვიდრეობის ხელოვნების სასახლისთვის გადაცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივა იყო, რომელიც ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებს კოორდინირებას უწევდა, სამინისტროსვე მხარდაჭერით იგეგმება სიმონ დადიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კატალოგის გამოცემა.

სიმონიკა დადიანს ქართველი მოდილიანს უწოდებენ. მისი შემოქმედება სამშობლოში ბრუნდება.
გასული საუკუნის 50-იანი წლების ნიუ-იორკში, „Montess Galery“-ის გამოფენაზე, უცხო წარმომავლობისა და უცნობი გვარის ახალგაზრდა კაცმა სვიმონ (პეტრე) დადიანმა, რომელიც აფიშაზე ამერიკელ მხატვრად სახელდებოდა, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და, საგანგებო პრემიაც დაიმსახურა.

ჟურნალი „Art gigost“ წერდა: „გამოფენაზე ექსპონირებული 19 მხატვრის ნამუშევარი წარმოდგენას გვიქმნის ამერიკის თანამედროვე ქანდაკებაზე… ამ შესანიშნავ გამოფენაზე არის განსაკუთრებული, სრულყოფილი ნამუშევრები, დადიანის ნამუშევრებში გამოყენებულია სტილიზაციის მთელი სისტემა, რომელიც მოდილიანის სტილიზაციას მოგვაგონებს. მისი ქანდაკების დახვეწილი აბსტრაქტული ფორმები ადამიანის სხეულის ანატომიის ცოდნას ეფუძნება.”

ამ გამოფენის შემდეგ, შეერთებული შტატების საგამოფენო დარბაზებში, პერმანენტულად იფინებოდა სვიმონ დადიანის ქანდაკებები და ფერწერული ტილოები.

განსაკუთრებული აღიარება ხვდა წილად მის აბსტრაქტულ ქანდაკებას “შავი ტორსი” (ნიუ–იორკი, 1952); სხვა ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ქანდაკებიდან “ტორსი” (1953), “მჯდომარე ქალი” (1953), ფერწერიდან “ადამი და ევა” (1955), გრაფიკიდან “ლურჯწვერა” (1952), “გუთური ნანგრევები”(1956).

სვიმონ დადიანი მხოლოდ და მხოლოდ ხუთი წლის იყო, როცა 1921 წელს, მშობლებთან და და-ძმებთან ერთად, საქართველო დატოვა ჩვენი ემიგრაციის ცნობილი მარშრუტით ბათუმი-კონსტანტინოპოლი-მარსელი-პარიზი. იგი ცნობილი და პატივსაცემი ოჯახიდან იყო. მამა კოკი დადიანი, სენაკის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მარშალი, ეროვნული მოღვაწე გახლდათ, დედა – მერი წერეთელი, იმერეთის მეფის სოლომონის შთამომავალი. ბებია (მამის დედა) – თამარ შარვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის ასული და პოეტ გიორგი შარვაშიძის და.

სვიმონ დადიანმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზში მიიღო, შემდეგ შეერთებულ შტატებში და იქვე დარჩა საცხოვრებლად. II მსოფლიო ომის დროს იგი ევროპაში მოქმედ ამერიკელთა დესანტის შემადგენლობაში იბრძოდა გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ.

ბატონი სვიმონი გარდაიცვალა 1974 წელს, სან-ფრანცისკოში 57 წლის ასაკში, სისხლის მძიმე სნეულებით. დაკრძალეს სან-ფრანცისკოს ერთ ძველ, შორეულ სასაფლაოზე.

სვიმონ დადიანი 1950 წლიდან მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენებია:
1953 – 29 ამერიკელი მხატვარი, მონტროსის გალერეა, ნიუ ორკი, აშშ.
1953 – 10 მხატვრის ნამუშევრები, Worth avenue -გალერეა, აშშ.
1952 – ხელოვნების მუზეუმი, სან–ფრანცისკო, აშშ.
1952 – იუკლენდის ხელოვნების გალერეა, აშშ.
1951 – ხელოვნების დიდი ცენტრალური გალერეა, ნიუ ორკი, აშშ.