Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“იმედია ხელისუფლების წარმომადგენელთაგანი ყურად იღებს ამ შენიშვნას”

3 სექტემბერი, 2017

"იმედია ხელისუფლების წარმომადგენელთაგანი ყურად იღებს ამ შენიშვნას"პოეტი როი აბუსელიძე წლევანდელ ბათუმობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალიან არასანახავობრივი და უინტერესო ბათუმობა იყო:

“ბ ა თ უ მ ო ბ ა ?!
ძალიან არასანახავობრივი და უინტერესო “ბათუმობა” იყო!

პოეზიის საღამოებზე სანთლების დანთებას როგორც ვერ გადაეჩვია ქართული ლიტ.სივრცე, ისე გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ეს ე.წ. ბათუმობები ერთმანეთს.

“ბათუმობა”, როგორც დღესასწაული ვერ შედგა და წელსაც ძალიან უაზრობა იყო თავიდან ბოლომდე, სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი და ვაღიაროთ რომ ეგრეა.

ვაღიაროთ, რომ ეკონომიკური შემოსავლის გაუმჯობესების თვალსაზრისით ღებულობს მონაწილეობას ამ ღონსძიებაში ძალიან ბევრი და მთავარი არსი და შინაარსი დღესასწაულისა დაკარგულია.

ჩემი სათქმელი ზუსტად თქვა ზაზა ფირცხალაიშვილმა, რომლის წერილსაც ქვემოთ წაიკითხავთ:
“ბათუმობა არის მოვლენა, რომელიც ჩემი აზრით მიუხედავად იმისა, რომ ყველა წელს ტარდება, სხვადასხვა მიზეზის გამო, სახალხო დღესასწაულად და ქალაქის კეთილ ტრადიციად ვერ იქცა.
ამიტომ დავწერ ახლა რაღაცეებს და დარჩეს აქ, მტერი არაა მეტი ამ სტატუსმა შეცვალოს რამე, მაგრამ “ზღვა კოვზით დაილევა”-ო ანდაზა მახსოვს და, აჰა, ვწერ 10 წინადადებას, რომელიც უნდა შესრულდეს სანამ ცოცხალი ვართ:

1. ბათუმობა უნდა ჩატარდეს 6 მაისის პარკში, უნდა მოეწყოს რამდენიმე სცენა და ღონისძიებები გადანაწილდეს მოცემულ სივრცეში; ამგვარად ყველას ეცოდინება სადაც უნდა მივიდეს, იქნება ხალხმრავლობა, ჟრიამული, ადამიანებს ეცოდინებათ, რომ ყველაფერი საინტერესო იქნება ერთ კონკრეტულ ადგილზე;

2. საბავშვო ატრაქციონები მთელი დღის განმავლობაში უნდა იყოს უფასო;

3. ასევე უფასო უნდა იყოს ზოოპარკში და დელფინარიუმში შესვლა (იქვეა);

4. ნაყინის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების და მსგავსი ფესტივალების ორგანიზატორებს გადასახადების შემცირების ხარჯზე უნდა მიეცეთ წინადადება, რომ პროდუქციას გაყიდიან ნახევარ ფასში და არა გაორმაგებულში;

5. ბათუმობის დღესასწაულში მონაწილეობა უნდა იყოს პრესტიჟული, წარმოადგენდეს ერთგვარ სამადლობელოს ქალაქისადმი და მომღერლებმა, პოეტებმა, მხატვრებმა, ფოტოგრაფებმა, წამყვანებმა, მომყვანებმა და ა.შ. და ა.შ. უარი უნდა განაცხადონ ჰონორარზე. აი, ეს უნდა იქცეს ტრადიციად; მონაწილეების უმეტესობა უნდა იყვნენ ბათუმელები, ასევე ჩართულები უნდა იყვნენ ხელოვანები დაძმობილებული ქალაქებიდან;

6. უნდა გათამაშდეს სახალხო ლატარეა, რომლის მზადება უნდა მიმდინარეობდეს მთელი წლის განმავლობაში და სადაც 1 ადამიანი კი არ მოიგებს 10000 ლარს, არამედ 1000 მოიგებს 100-100 ლარს;

7. უნდა შეირჩეს სხვა თარიღი და დადგინდეს ერთხელ და სამუდამოდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ აგვისტოს ბოლოს ბევრი სტუმარი ტოვებს ბათუმს, პირველი სექტემბერი პირადად ჩემი აზრით ცუდად შერჩეული თარიღია;

8. ღონისძიებებს რაც შეეხება, კარგი იქნება თუ ცეკვა-თამაშს დაემატება სხვა ღონისძიებებიც, განსაკუთრებით საბავშვო, ქუჩის თეატრი, ექსპერიმენტული ღონისძიებები, ასევე ისეთი ღონისძიებები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ცხოველები, ფრინველები, ყვავილები… უნდა ჩატარდეს სპორტული და სხვა ტიპის სახალისო ღონისძიებები, რომლებშიც ჩართული იქნება ნებისმიერი მსურველი; ლიტერატურაზე ჯვარი წერიათ ორგანიზატორებს, რა თქმა უნდა, გვერდი აუარეს;

9. შეღავათიან ფასებში უნდა მოეწყოს წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ოღონდ არა ერთი, ან ორი გამომცემლობის ხარჯზე, არამედ ბევრის, უნდა იგრძნობოდეს კონკურენტუნარიანი გარემო, წიგნები უნდა ღირდეს მინიმუმ ისე იაფი, როგორიც თბილისის წიგნების ფესტივალებზეა (წიგნების ფესტივალის თემა ბათუმში, ცალკე თემა და აუხდენელი ოცნებაა, მიზეზი – გამომცემელთათვის ფინანურად წამგებიანია ბათუმში მსგავსი პროექტის ჩატარება!);

10. ბათუმობის დღესასწაულს აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ უნარშეზღუდული ადამინები, განსაკუთრებით ბავშვები.”

ზემოთ მოყვანილი წერილი 2014 წელს დაიწერა და გამოქვეყნდა, მაგრამ 2017 წელს იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდით, იმედია სამომავლოდ, ხელისუფლების წარმომადგენელთაგანი ყურად იღებს ამ შენიშვნას და შეძლებს წაკითხული ტექსტიდან შინაარსის გამოტანას.

სულ ეს არის! მრავალ ბათუმობას ჩემო კარგებო.”