Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დევნილი ბავშვები ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრებიან

9 სექტემბერი, 2017

დევნილი ბავშვები ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრებიანსაზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“  მეოთხე წელია ახორციელებენ ყოველწლიურ პროექტს „… დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ . იგი ყოველ წელს 12 სექტემბერს – ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს იმართება და აერთიანებს ილიას თემაზე სხვადასხვა კულტურულ, სახელოვნებო, შემეცნებით და სამოქალაქო აქტივობებს.

2015 წლიდან ორგანიზატორებმა პროექტს სოციალური პასუხისმგებლობაც შესძინეს და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად რეგიონებიდან ჩამოჰყავთ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების სკოლის ასაკის მოზარდები.

წელს მესამე წელი იქნება, რაც პროექტის სოციალურ ნაწილში 12 სექტემბერს ჩამოიყვანენ 2008 წლის ომის შედეგად შიდა ქართლიდან, თიღვის, ქურთას და ახალგორის ოკუპირებული მუნიციპალიტეტებიდან დევნილ 160 სკოლის ასაკის მოზარდს, რომლებიც დაესწრებიან პროექტის ყველა ღონისძიებას – გახსნის ცერემონიას, ლიტერატურულ კომპოზიციას მთაწმინდის პანთეონში, სახვითი ხელოვნების გამოფენას „ილია ხელოვნებაში“, მონაწილეობას მიიღებენ მსვლელობაში სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე და დაესწრებიან სპექტაკლს „საუკუნის მკვლელობა“, რომელიც საგურამოში ილიას სახლ-მუზეუმის ღია ცისქვეშა სცენაზე იქნება წარმოდგენილი.

პროექტის სოციალური ნაწილის მხარდამჭერია: კომპანია „არგო“ და ნაყინი „ლიდერი“.

„ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების შემეცნებითი პოტენციალის ამაღლების,  კულტურის სფეროთი მათი დაინტერესებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. ეს კონტიგენტი, რომელიც დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრობს სოციალური, გეოგრაფიული თუ სხვა ობიექტური მიზეზების გამო, მოკლებულია მსგავს აქტივობებს, რაც უმნიშვნელოვანესია მოზარდების პიროვნებად ჩამოყალიბებისა და მათი სულიერი ღირებულებების განვითარებისათვის. მათთვის სტუმრობა საინტერესო იქნება, რადგან გაიგებენ და ნახავენ მრავალ ახალს არა მარტო ილიას, არამედ ზოგადად, ქართული კულტურის შესახებ და მრავალ მათგანს პირველად ექნება შესაძლებლობა დაესწროს სპექტაკლს. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში წეროვანის, ფრეზეთის, კოდის, კარალეთის დევნილთა დასახლებების მოსწავლეებთან და აღმოჩნდა, რომ მრავალი მათგანი თეატრში არც ერთხელ არ არის ნამყოფი. ასე რომ, ჩვენი ინიციატივა მათზე მზრუნველობის ჟესტის გარდა, მათი განვითარებისათვის ხელშეწყობის მასტიმულირებელიც იქნება“ – აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.