28 სექტემბერი, 2017

ზურაბ სოტკილავას უკანასკნელი სურვილი არ შეუსრულეს

რუსული გამოცემის “Комсомольская правда”-ს ინფორმაციით, ოპერის მომღერალს საკუთარმა კოლეგებმა უკანასკნელი სურვილი არ შეუსრულეს და გული ატკინეს.

მისი სურვილი კი საკუთარ საიუბილეო საღამოზე სიმღერა იყო. სოფია ქანთარიამ, რომელიც პროგრამის “საქართველოს ხმები” ორგანიზატორია, გამოცემის ჟურნალისტს გაუმხილა, რომ ოპერის მომღერალს კონცერტის ჩატარება მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში არსებულ საკონცერტო დარბაზში სურდა.

სოფია ქანთარია:

– ეს იყო 2016 წლის ნოემბერში. კონცერტზე სახელწოდებით “საქართველოს ხმები” მონაწილეობის მისაღებად მოვიდა, მანქანას თავად მართავდა. კულისებში ცუდად გახდა. წამყვანებმა მისი სახელი და გვარი გამოაცხადეს, დარბაზში ოვაციები გაისმა, ზურაბ სოტკილავას კი საგრიმიოროდან გამოსვლა არ შეეძლო. მაგრამ იპოვნა საკუთარ თავში ძალა და 15 წუთის განმავლობაში სცენაზე ბრწყინავდა. მესმოდა კონცერტის მონაწილეები ერთმანეთში როგორ საუბრობდნენ: “მისი ხმა საერთოდ არ შეცვლილა”… და ეს ხდებოდა 79 წლის ასაკში. კონცერტის შემდეგ ზურაბ სოტკილავამ მითხრა, რომ არ უნდოდა სცენასთან განშორება და სიმღერას აპირებდა მანამ, სანამ ამისთვის ძალა ეყოფოდა.

ჩვენ გადავწყვიტეთ ზურაბ სოტკილავას 80 წლის იუბილე აღგვენიშნა. მან მითხრა, რომ არ სურდა კრემლში კონცერტის ჩატარება. მისი სურვილი იყო მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში არსებულ საკონცერტო დარბაზში ემღერა. ის მორწმუნე ადამიანი გახლდათ.

კონცერტი 2017 წლის 26 მარტს დაინიშნა. მაესტრო 80 წლის 12 მარტს გახდა. მისალოცად რომ დავურეკე, შემომჩივლა: “შვილო, ექიმები სიმღერას მიკრძალავენ, მაგრამ არ შემიძლია ჩემს მსმენელს იმედები გავუცრუო, ამიტომ, მოდი, ნუ გადავდებთ ჩემს ბენეფისს. ექიმებმა მითხრეს, რომ შემიძლია ვიჯდე სცენაზე და მილოცვები მივიღო. დაურეკე ჩემს სტუმრებს, რომ მოვიდნენ და მხარი დამიჭირონ ისე, როგორც მე ვუჭერდი მათ მხარს.”

ზურაბ სოტკილავამ თავად შეადგინა იმ მონაწილეთა სია, ვისაც კონცერტში მონაწილეობა უნდა მიეღო. შემთხვევითი ადამიანები ამ სიაში არ იყვნენ. მაგალითად, სიაში იყო პოლინა გაგარინა, რომელზეც მაესტრო ყოველთვის თბილად საუბრობდა და ძალიან გუშემატკივრობდა კარიერის დასაწყისში. მას სურდა, რომ დუეტში ემღერათ.

ივან ილიჩევი, ზურაბ სოტკილავას საიუბილეო საღამოს ორგანიზატორი:

– ზურაბ სოტკილავა თხოვნებით არასდროს არავის აწუხებდა, მაგრამ მისი საიუბილეო საღამო იყო გამონაკლისი, ის კოლეგებისგან მხარდაჭერას ითხოვდა და სჯეროდა, რომ ყველა მხარში დაუდგებოდა. სამწუხაროდ, მას ყველამ უარი უთხრა. მიზეზი ათასნაირი იყო: დროის უქონლობა, ჩამოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ. ლარისა დოლინამ თავიდან თანხმობა განაცხადა, შემდეგ თქვა, რომ თარიღი აერია და მონაწილეობაზე უარი უთხრა. საიუბილეო საღამოზე მოიწვია ლევ ლეშენკოც, მაგრამ მანაც ვერ შეძლო მონაწილეობა. დენის მაცუევთანაც, რომელიც ზურაბ სოტკილავას აკომპანირებას სრულიად ახალგაზრდა უწევდა, იგივე ისტორია განმეორდა.

მას მაინც იმედი ჰქონდა, რომ თუკი ვინმე გამოეხმაურებოდა, მათთან ერთად საიუბილეო კონცერტში მონაწილეობას თავის მოსწავლეებსაც მიაღებინებდა. მაგრამ როცა ყველამ უარი უთხრა, გაბრაზდა და თქვა, რომ არანაირი საიუბილეო კოენცერტი არ ჩატარდებოდა. ზურაბ სოტკილავა თავის იუბილეს ხვდებოდა არა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში არსებულ საკონცერტო დარბაზში, როგორც ოცნებობდა, არამედ სახლში ავადმყოფი და გულდაწყვეტილი.

ალბათ ის ადამიანები, ვინც ზურაბ სოტკილავას საიუბილეო კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვეს, ლეგენდარულ ტენორზე შექმნილ ფილმებში მასზე საუკეთესო მოგონებებს გაიხსენებენ, მაგრამ სად იყვნენ ისინი, როცა ზურაბ სოტკილავას მათი თანადგომა სჭირდებოდა?