29 სექტემბერი, 2017

ვალერი გერგიევის პროექტი საქართველოსთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის

დირიჟორი ვალერი გერგიევი, რომელიც სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ახალ შემოქმედებით პროექტებზე მუშაობს.

რუსული მედიის ცნობით, დირიჟორს სურს “დიდი კავკასიის” რეგიონში – სიახლეები დანერგოს.

განცხადება ვალერი გერგიევმა ვლადიკავკაზში მე-5 საერთაშორისო კავკასიური ფესტივალის ფარგლებში გააკეთა.

რუსული მედია წერს, რომ დირიჟორს სურს, აუცილებელად მოხდეს იმ მწვავე და უმნიშვნელოვანესი წინააღმდეგობების დაძლევა, რომელიც რეგიონში ბოლო 15-20 წლის განმავლობაში შეიქმნა:

„კავკასიის დიდმა რეგიონმა ისევ უნდა შეძლოს ძველი ურთიერთობების აღდგენა. ამიტომ სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩრდილო კავკასიის ყველა რესპუბლიკა, როსტოვის ოლქი და ცალკეული უმსხვილესი ქალაქები, როგორიცაა სოჭი და კრასნოდარი – ყველანი შედიან შემოქმედებითი პროექტების თვალსაწიერში. „დიდი კავკასიის“ რეგიონის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერ ქალაქში, იქნება ეს ვლადიკავკაზი, ბათუმი, ბაქო თუ ერევანი, ერთობლივი საღამოები ჩაატარონ და სცენაზე ერთად გამოვიდნენ. აუცილებელია იმ მწვავე წინააღმდეგობების დაძლევა, რომელიც 15-20 წლის განმავლობაში შეიქმნა და ამას მუსიკოსებზე უკეთ ვერავინ შეძლებს. საქართველოში ეს ყველაზე რთული იქნება, ბუნებრივი მიზეზების გამო, მაგრამ მე ამ გზით ვცდილობ, კოლეგებს შორის კავშირების გამყარებას, რადგან, სრულიად აპოლიტიკურები ვართ.“

ვალერი გერგიევმა კარგად იცის ქართველების დამოკიდებულება მის მიმართ, რადგან დირიჟორმა კონცერტი ოკუპირებულ ცხინვალში 2008 წელს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში 22 აგვისტოს გამართა.